” კონსტიტუციის პროექტი მიღებულია და მასში ცვლილებების შეტანა ვეღარ მოხდება”

უმრავლესობის განცხადებით კონსტიტუციის პროექტი უკვე ორი მოსმენითაა მიღებული და მასში ცვლილებების შეტანა ვეღარ მოხდება, თუმცა პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით 161-ე მუხლის მიხედვით აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პარლამენტმა მესამე მოსმენიდან კანონპროექტი ისევ მეორე მოსმენაზე დააბრუნოს. განმარტებები ამ თემაზე დღეს ფრაქცია “ქართულ ოცნების” ლიდერმა გააკეთა.

“მუშაობს ნორმა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი პირველი და მეორე მოსმენით უნდა განიხილებოდეს ერთი სასესიო პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად ამ სასესიო პერიოდის განმავლობაში პირველი მოსმენა უკვე ჩატარებულია, მეორე მოსმენა ჩატარებულია და მოტივირებული გადაწყვეტილებაც რომ მიიღოს პარლამენტმა, შეუძლებელია დაბრუნდეს იმიტომ, რომ ერთი სასესიო პერიოდის განმავლობაში ვერ მოესწრება ორივე მოსმენით განხილვა.

შეუძლებელია რიგ გარეშე სესიაზე მეორე მოსმენაზე დაბრუნება, გამომდინარე იქედან, რომ ეს არ იქნება საგაზაფხულო სესია, რომელიც მთავრდება დღეს. აქედან გამომდინარე პრინციპი რომ ერთ სესიაზე უნდა იქნას განხილული ორი მოსმენით კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი, დაირღვევა და ამიტომ შეუძლებელია დაბრუნება მესამე და მეორე მოსმენაზე“ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.