დამწვარი მაღაზიების მფლობელები ამბობენ, რომ მთავარი მოთხოვნა ზარალის სრულად ანაზღაურება იქნება

ელიავას ბაზრობის დამწვარ ტერიტორიას სამართალდამცველები იცავენ. შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე არავის უშვებენ, არც ხანძარს გადარჩენილი მაღაზიების მფლობელებს და მოვჭრეებს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

დამწვარი მაღაზიების დათვალიერება არ დაწყებულა. ზარალის სავარაუდო ოდენობა უცნობია.

11:00 საათზე ელიავას ბაზრობის ხანძრით დაზარალებულ მოვაჭრეებს დიდუბის გამგებელი შეხვდება. დამწვარი მაღაზიების მფლობელები ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ზარალის სრულად ანაზღაურება იქნება.

ბოლო მონაცემებით, დამწვარია 2 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობი. სრულად არის განადგურებული საბურავების, ავტონაწილების და ზეთების ორი სექცია, მესამე სექცია კი, ცეცხლის ჩაქრობის დროს წყლის ჭავლმა დააზიანა.