ნარცისიზმით დაავადებული გაეგოისტებულთა ხროვა ყალბი ღიმილით და ფლიდური ანგარებით

გიორგი ტიგინაშვილი

(ივრისპირელი)

-“ცუდი პოლიტიკოსი ჰგავს პატარა ბავშვს, რომელსაც საოცარი მადა აქვს ერთ ბოლოში, ხოლო სრული უპასუხისმგებლობა – მეორეში!”

რეიგანი.

შეხედეთ ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობას (უმრავლესობასა და ოპოზიციაში), ნარცისიზმით დაავადებულ არ შემდგარ პიროვნებებს, კომპლექსებით შეპყრობილ პატივმოყვარე ნატურებს, ხელოვნური უბრალოებით რომ იფარგლებიან და გული სავსე აქვთ ამპარტავნებითა და ფლიდური ანგარებით.

დააკვირდით მათ მერკანტილურ ზრახვებს, მედროვეობასა და კარიერისტულ ლავირებებს, შეხედეთ მათ ყალბ ღიმილს, მოუსმინეთ მათ პათეტიკასა და დიდაქტიკოსობას, დააკვირდით მათ მეხოტბე მონებს, გამორჩენის მიზნით რომ გავლენიანთა ნადიმიდან გადმოვარდნილ გამოწუწნულ ძვალს შენატრიან – ეს სახელმწიფოა? ეს საზოგადოებაა? ეს არის დაავადებულთა და გაეგოისტებულთა ხროვა, რომელსაც ყველაფერი პირადი მოხმარებისთვის სჭირდება – ღმერთიც, სამშობლოც და ადამიანიც!

ეს არის მწარე რეალობა და სწორედ ამიტომაც არცერთ პოლიტიკოსთან თავს არ ვთვლი ვალდებულად და არც მათზე ქვემდგომად. კეთილი ინებონ და გვემსახურონ და თუ ათასში ერთხელ რაღაცას აკეთებენ, ამაზე მადლობას ნამდვილად ვერ გადავუხდით, ეს მგონი მათი ნაკისრი მოვალეობაა და არა მოწყალება! მირჩევნია სიღარიბეში მოკვკვდე, ვიდრე თქვენი ლაქია გავხდე და ღირსება დავთმო!