“მარგველაშვილი ალბათ ვეტოების პრეზიდენტად დარჩება…”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, პრეზიდენტი მარგველაშვილი “ისე ტოვებს ერთ წელიწადში თანამდებობას, რომ ალბათ, ვეტოების პრეზიდენტად დარჩება.” – ამის შესახებ ქანთარიამ პრესკონფერენციაზე კონსტიტუციის პროექტის შესახებ ლაპარაკისას განაცხადა. მან ცვლილებების შემუშავების დროს უმრავლესობისა და პრეზიდენტის მიერ დაშვებულ შეცდომებზეც გაამახვილა ყურადღება.

ნუკრი ქანთარია პრეზიდენტის შეცდომად საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის თანათავმჯდომარედ დანიშვნის სურვილს მიიჩნევს.

“ისიც კი უნდოდა, რომ პრეზიდენტის სასახლეში ყოფილიყო ეს პროცესი. შემდეგ მან არ წარგზავნა თავის წარმომადგენლები კომისიაში, დაიწყო პარალელური პროცესი – “კონსტიტუცია ყველასია”. ამ ყველაფერმა მგონი საკმაოდ დააზარალა პროცესი” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

რაც შეეხება უმრავლესობის მხრიდან დაშვებულ შეცდომას, დეპუტატს მიაჩნია, რომ ვიდრე პროექტი საჯარო განხილვებზე გავიდოდა, რიგ საკითხებზე ჯერ გუნდი უნდა შეთანხმებულიყო, თუმცა ქანთარია ფიქრობს, რომ კონსტიტუციაზე მუშაობისა და განხილვის პროცესის თავიდან დაწყება, გამორიცხულია. ამასთან პარლამენტარი პრეზიდენტის მიერ ცვლილებებზე ვეტოს დადების შესახებ აცხადებს:

“გიორგი მარგველაშვილი ისე ტოვებს ერთ წელიწადში ამ თანამდებობას, რომ ის ალბათ ვეტოების პრეზიდენტად დარჩება. მან ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვეტოს დაძლევა, მაგრამ ასეთი პირი უჩანს, რომ “იქნება ამით მაინც ცოტა შეგაწუხოთ”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.