თამარ ხულორდავა კოსაკის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

9-10 ივლისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, ევროკავშირის საპრეზიდენტო ტროიკის სპეციალური მიწვევით, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (Conference of Parliamentary Committees for Union Affairs of Parliaments of the European Union – COSAC ) თავმჯდომარეთა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

კოსაკის სხდომა განიხილავს ესტონეთის, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებს: ღია და ინოვაციური ევროპული ეკონომიკა, უსაფრთხოება, ციფრული ტექნოლოგიები და განათლებაზე დაფუძნებული მდგრადი განვითარება.

ესტონეთის თავმჯდომარეობისას მთავარი ყურადღება ბიზნესის განვითარებასა და ევროპაში ბიზნეს სტარტაპების ხელშეწყობას ეთმობა.

ევროპის ეროვნული პარლამენტების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავს ესტონეთის პრემიერმინისტრი.

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესტონეთის, როგორც ევროკავშირის წევრი და საქართველოს პარტნიორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება.

სხდომაზე თამარ ხულორდავა ისაუბრებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და იმ კონკრეტულ შედეგებზე, რომლებიც ესტონეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ყურადღება ასევე გამახვილდება საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი ეროვნული პარლამენტების მხარდაჭერის საკითხზე.

***
კოსაკი აერთიანებს ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტებს და ევროპარლამენტს. საპარლამენტო კომიტეტების ეს გაერთიანება ზედამხედველობს ევროკავშირის პოლიტიკის და კანონმდებლობის შემუშავებას. კოსაკს ხელმძღვანელობს საპრეზიდენტო ტროიკა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პარლამენტი (ამჟამად ესტონეთის პარლამენტი). სხდომებში ევროკავშირის წევრ პარლამენტებთან ერთად დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის უფლება აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტი პირველია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტებს შორის, რომელიც გახდა ევროკავშირის ამ მნიშვნელოვანი ფორუმის მონაწილე.