ნაციონალური მოძრაობის დატოვების შემდეგ ოცნების მანდატით ხელდამშვენებული გოჩა ენუქიძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატების კომპანიები სახელმწიფოს მხრიდან, ტენდერის ჩატარების გარეშე, რამდენიმე მილიონ ლარს იღებენ. თბილისის ცენტრალურ უბანში 3526 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი პარლამენტარ გოჩა ენუქიძის კომპანიის საკუთრებაა.

მიწის ნაკვეთი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობისთვის დეპუტატმა აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით მიიღო, მაგრამ ისე, რომ სამშენებლო ნებართვა ჯერ გაცემული არ იყო.

მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის მიწაში მაჟორიტარმა გოჩა ენუქიძემ 800 ათასი ლარი გადაიხადა, თუმცა ამ გარიგების შემდეგ მასთან სახელმწიფომ კონტრაქტი გააფორმა ტენდერის გარეშე სახელმწიფო დაკვეთა მისცა და 845 ათასი ლარიც ჩაურიცხა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა მთავრობის და პარლამენტის წევრებისთვის პირდაპირი ხელშეკრულების გზით გადაცემულ 25 მილიონ ლარს ეხება. სიაში 14 დეპუტატია, მათ შორის, 10 მაჟორიტარი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ტენდერის გარეშე გაფორმებული ხელშეკრულებები და სანაცვლოდ მიღებული მილიონობით ლარი იმის ნათელი დადასტურებაა, რატომ არ უნდათ მაჟორიტარებს საარჩევნო სისტემის გაუქმება.

ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულებების სიაში გორის მაჟორიტარი, იოსებ მაკრახიძე ლიდერობს. მომდევნო კახა ოქრიაშვილია – 992 ათასი ლარის ხელშეკრულებებით. სიაში სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი, გრიგოლ მიქელაძეც, მოხვდა. სახელმწიფოსგან მიღებული თანხის რეკორდული მაჩვენებლით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი კომპანიები სიის სათავეში მოხვდნენ. კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის, ყოფილმა კომპანიებმა სახელმწიფო უწყებებისგან 32 ხელშეკრულება და, დაახლოებით, მილიონ ნახევარი ლარი მაინც მიიღეს.

მაჟორიტარი დეპუტატები პარტიულ ყულაბაში ყველაზე მეტ თანხას წირავენ და საკუთარ ბიზნესინტერესებთან ერთად, მანდატებსაც ყველაზე აქტიურად იცავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება აუცილებელია.

„ნაციონალური მოძრობაში“ ამბობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი გზით გაცემული 25 მილიონი ლარი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კორუფციის კიდევ ერთი მაგალითია. ტენდერის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების მხოლოდ ამ ნაწილში, ბიუჯეტი მინიმუმ 10 პროცენტს დაზოგავდა.

წყარო: რუსთავი 2

ვიდეო

იხ.

http://rustavi2.ge/ka/news/79901