უკვდავი რეზო ლაღიძე-ყველა თაობისთვის ახლობელი და მისი…(სიმღერა)

ყველა დროის კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე 10 ივლისს, 1921 წელს დაიბადა.

მისი უკვდავი ნაწარმოებები თაობიდან თაობას გადაეცემა და ყველასთვის ახლობელი და მისია, რადგან  ლაღიძის შემოქმედებაში სიყვარულის თემა შინაგანი სინაზით და სინატიფით, კლასიკური ფორმების დაცვით მაღალ რანგშია აყვანილი. სიყვარულის იდეალი კი მის შემოქმედებაში მისივე მეუღლის, უმშვენიერესი თინათინ შატბერაშვილის სახით წარმოგვიდგება. შემოქმედი არასდროს არ იყო განცალკევებული, როგორც მეუღლე და როგორც გამოჩენილი კომპოზიტორი. ის იყო რაინდი, მონადირე, მებადური, თამადა, სპეტაკი, გულისხმიერი, ხან ბობოქარი, ხან ბავშვივით გულუბრყვილო, ნაზი…

უყვარდა ოჯახი, ტკბებოდა შვილებითა და შვილიშვილებით, მათთან ყოველთვის სახეგაბრწყინებული და ბედნიერი იყო. ,,მამაჩემის შვილობა, ჩემთვის ბედნიერების განცდაა. ყოველთვის თან მდევს სიამაყე, რომ მე არამარტო კარგი კომპოზიტორის, არამედ კარგი კაცის შვილი ვარ. სადაც კი მოვხვდები, ყველგან რ. ლაღიძის კაიკაცობაზე იწყებენ საუბარს. ამაზე მეტი რა უნდა დაგიტოვოს მამამ…”/ლ.ლაღიძე/ ესიყვარულებოდა და ანებივრებდა მათ. ვერ იტანდა სიმარტოვეს, ბედნიერი იყო ადამიანთა გარემოცვაში. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა.

რ. ლაღიძეს ღმერთმა არგუნა სიცოცხლეშივე მოსწრებოდა დიდ აღიარებას არა მარტო მის ქვეყანაში, საზღვარგარეთაც. მისმა კოლეგებმა იგი აღიარეს ქართული სიმღერის კლასიკოსად. ეს კი როგორც მოგეხსენებათ ერთეულთა ხვედრია.

ის ნაკლებად უწევდა ანგარიშს გარედან შემოჭრილ დინებებს, თავის დაძაბული და მდიდარი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა, უმღეროდა იმას, რაც აღელვებდა და შთააგონებდა, წერდა ისე, როგორც სწამდა და სჯეროდა.

რ. ლაღიძე გარდაიცვალა 1981 წლის 16 ოქტომბერს თბილისში, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.