ხნულები მავთულხლართებიდან 200 მეტრში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე!

რუსმა სამხედროებმა მავთულხლართებიდან 200 მეტრში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ტრაქტორით ხნულები გაავლეს. ხნულების იქით, საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილება ეზღუდებათ. 200 მეტრიანი დისტანცია ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრიდან ქარელის რაიონის სამ სოფელს – ცერონისს, ავლევსადა თამარაშენს დაუწესეს. საოკუპაციო საზღვართან მიახლოვების აკრძალვას ცხინვალის წარმომადგენლები სხვა სოფლებშიც აპირებენ.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა. ცხინვალის წარმომადგენელი მურად ჯიოევი ამტკიცებდა, რომ მოსკოვის საოკუპაციო პოლიტიკა სწორია. ცხინვალის წარმომადგენელი  ამტკიცებს, რომ საზღვართან მიახლოების აკრძალვა მოსახლეობაზე ზრუნვითაა განპირობებული.

საოკუპაციო რეჟიმის წინადადებას კატეგორიულად არ ეთანხმება ქართული მხარე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიიჩნევენ, რომ ბორდერიზაციის პროცესი უკანონოა, ქარელის რაიონის სოფლებში ხნულების გავლება კი, ამ პროცესის გაგრძელებაა.