1989 წლის 15-16 ივლისი-პირველი შავი ლაქა ძმათა ისტორიაში…

ოთარ ფანცულაია

1989 წლის 15-16 ივლისის მოვლენები ქართულ-აფხაზური მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიაში შავ ლაქად დარჩება. ამ ავადსახენებელ დღეს, სხვისი წაქეზებით, ძმამ ძმაზე აღმართა ხელი და სისხლი დაიღვარა. აფხაზთა სამეფოს კულტურული და საეკლესიო პოლიტიკა ოდითგანვე გამომდინარეობდა მთლიანად საქართველოს საერთო ინტერესებით.

აფხაზთა სამეფოს მმართველმა წრეებმა, ჯერ კიდევ IX საუკუნეში, გაათავისუფლეს თავისი ეკლესია კონსტანტინოპოლის პატრიარქის დამოკიდებულებისაგან და მცხეთის კათალიკოსს დაუქვემდებარეს . აფხაზთა სამეფო განსაკუთრებით დაწინაურდა გიორგი II-ის და მისი ძის, ლეონ III-ის დროს. ამ პერიოდში აფხაზთა სამეფო საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის მედროშე იყო. ბიზანტიელ და არაბ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს გამთლიანებით დასრულდა და ერთიანი სამეფოს ტახტი ქუთაისის ტახტის მემკვიდრემ, ბაგრატ III-მ (ბაგრატიონი მამის ხაზით) ირგუნა. სწორედ მისი შთამომავლები იყვნენ დავით არმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე.. მოგვიანებით ოსმალთა 200 წლიანმა და შემდეგ რუსეთის 150 წლიანმა ბატონობამ ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობებს გარკვეული დაღი დაასვა. აფხაზეთის ტერიტორია 1864 წელს ანექსირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ, რომელმაც გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და მას სოხუმის ოკრუგი უწოდა. იმ წელს ლიხნში მოეწყო აფხაზთა თავყრილობა, სადაც გადაწყდა დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც შედეგად აფხაზთა ისტორიაში უდიდესი ტრაგედია – აფხაზთა გენოციდი მოჰყვა.

მოგვიანებით რუსი გენერალი დეინიკინი თავის წერილებში აღნიშნავდა: “აფხაზებს უკიდურესად სძულთ ქართველები”. უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ მხარე, რომელმაც მოაწყო მთელი ერის ეთნიკური წმენდა, ქმნიდა პროპაგანდისტურ იდეოლოგიას აფხაზთა სიძულვილზე ქართველების მიმართ. სამწუხაროდ იმპერიულმა ტაქტიკამ “გათიშე და იბატონე” თავისი ავი საქმე გააკეთა.

1988 წლის ივნისში აფხაზეთში სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა. აფხაზეთის მწერალთა კავშირის ინიციატივით საბჭოთა კავშირის ცენტრალურ კომიტეტში ე.წ აფხაზური წერილი გაიგზავნა. მოითხოვდნენ აფხაზეთის ასსრ-ისათვის საკავშირო რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას, რაც, რა თქმა უნდა, კრემლისგან იყო ინსპირირებული. ამ წერილში გამოთქმული იყო აზრი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის არსებულ კონფლიქტს გამოყოფის გარდა თითქოს არაფერი უშველიდა. ეს კონფლიქტი ხელოვნურად იყო თავსმოხვეული. ამ ორ ხალხს შორის გაუცხოების დათესვას ხელს ყოველთვის მოსკოვი უწყობდა. გაიყო სოხუმის სახელმწიფო თეატრი, რაც იყო პირველი გამოხატულება მდგომარეობის სიმწვავისა/ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც მრავალი ათასი ადამიანი სოფელ ლიხნში შეიკრიბა და მიიღო დეკლარაცია, სადაც თავყრილობა აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფას და დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებას მოითხოვდა. მდგომარეობა გამწვავდა სოხუმის უნივერსიტეტშიც.

9 აპრილის ტრაგიკულმა მოვლენებმა აფხაზთა გულებში ვერ ჰპოვა თანაგრძნობა და მათში სეპარატისტული განწყობები ვერ გაანელა. საქართველოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 1989 წლის 14 მაისს სოხუმის ერთიანი მრავალეროვანი უნივერსიტეტი გაიყო. სიმართლე უნდა ითქვას – აფხაზური ინტელიგენციის ნაწილი საღად აფასებდა შექმნილ ვითარებას და ეწინააღმდეგებოდა გაყოფას. სამწუხაროდ, სეპარატისტულად განწყობილთა უდიდეს ნაწილთან ერთად ეროვნულ მოძრაობაშიც აღმოჩნდნენ ისეთი პიროვნებები, რომლებიც ურაპატრიოტული მოტივებით აპელირებდნენ და ამ გაყოფას კატეგორიულად მოითხოვდნენ.

1989 წლის ივლისში სოხუმში ვითარება უკიდურესად დაიძაბა... სოხუმის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტობა მარტში მიღებულ ლიხნის დეკლარაციას აპროტესტებდა, რის გამოც უნივერსიტეტი აფხაზი ნაციონალისტების გახშირებული თავდასხმის ობიექტი გახდა, ივლისში უნივერსიტეტში, მისაღები გამოცდების დროს, ქართველ აბიტურიენტებს ფიზიკურად შეურაცხყოფდნენ, რამდენიმე დღეში მღელვარება დაპირისპირებაში გადაიზარდა. ორი ცხელი წერტილი გაჩნდა. სოხუმში და გალში თითქმის ერთდროულად დაიძაბა სიტუაცია.

1989 წლის 15 ივლისს სოხუმში ქართველ მოსახლეობასა და აფხაზ ნაციონალისტებს შორის შეტაკება მოხდა. თვითმხილველთა თქმით ქართველ სტუდენტებს თავს დაესხნენ ხელკეტებით შეიარაღებული ჯგუფები. არეულობის დროს დაიღუპა 16, დაიჭრა 140 კაცი, მათი უმრავლესობა ქართველები იყვნენ. მათ შორის აღმოჩნდა აფხაზეთში ეროვნული მოძრაობის ლიდერი, პროფესორი ვოვა ვეკუა. ვოვა ვეკუას ანგარიშს უწევდა თავად აფხაზური ფრთაც. მას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა მოძრაობა „აიდგილარას” ლიდერებთან. მათ შორის ძალიან პოზიტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა. სამწუხაროდ ამას ხელს უშლიდა მესამე ძალა, რომელიც ყველა წარმატებულ მოლაპარაკებას პროვოკაციას უპირისპირებდა. 16 ივლისს მდინარე ღალიძგასთან ერთი შეძახილით 80 ათასი კაცი მოგროვდა. ადვილი მოსალოდნელი იყო, რომ ამოდენა მასა დაძრულიყო სოხუმისაკენ, რაც არავინ იცის რით დასრულდებოდა. მდინარის მეორე მხარეს მათ შეიარაღებული აფხაზთა ჯგუფები ელოდნენ. მაგრამ იმ საბედისწერო წამს გონიერებამ გაიმარჯვა და უფრო მასშტაბური სისხლისღვრა თავიდან იქნა აცილებული. აღსანიშნავია, რომ სიტუაციის დარეგულირებაში განსაკუთრებული როლი მერაბ კოსტავამ შეასრულა. მეორე დღეს საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს და ყოველგვარი შეკრება აიკრძალა.  სამწუხაროდ, მიღებულმა გამოცდილებამ არათუ გვასწავლა, არამედ კიდევ უფრო დაამძიმა და გაართულა ურთიერთობა ორ ძმას შორის, რამაც ფართომასშტაბიან ომამდე მიგვიყვანა.

ქართული მხარე დღესაც არ მიიჩნევს მტრად აფხაზებს, აპელირებს რა მესამე ძალის იმპერიულ გეოპოლიტიკურ ინტერესებზე მთლიანად რეგიონისადმი და ამ შეხედულებას თქვენი მონა-მორჩილიც იზიარებს. ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ერთმანეთის მიმართ რთულად გამოსასწორებელი შეცდომები დავუშვით.

25 წლის წინ არავინ ოცნებობდა ისეთ მომავალზე, რომელშიც ამჟამად ვცხოვრობთ. იარები უნდა მოვიშუშოთ, რასაც შერიგების პროცესის მშვიდობიანი განვითარება შეუწყობს ხელს.. გამოსავალი მხოლოდ ერთია – უნდა მოვძებნოთ გზები ერთმანეთის გულებისკენ. ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ