ახალი სამუშაო ადგილები-ენგურჰესის ტურისტული ზონა

გიორგი კვირიკაშვილმა პროექტის – „ენგურჰესი – მსოფლიო დონის ატრაქცია“ პრეზენტაციაზე განაცხადა:

-საქართველოს შეემატება ძალიან მასშტაბური და მრავალფუნქციური ტურისტული ზონა – „ენგურჰესის“ ტურისტული ცენტრი, რომელიც მსოფლიო დონის ატრაქცია გახდება.

ტურისტული ინფრასტრუქტურა 157 ჰექტარზე იქნება გაშლილი, მოეწყობა შემეცნებითი და აღმოჩენათა ცენტრი, სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე, საბაგირო გზა, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი – 280-მეტრიანი ლიფტი, მდინარე ენგურზე გადასახედები, ასევე – კომპონენტები ექსტრემის მოყვარულებისთვის.

ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროცესში მუდმივად იქნება დასაქმებული 200-მდე ადამიანი, პრიორიტეტი ადგილობრივ მოსახლეებს მიენიჭებათ, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კიდევ 100-მდე ადამიანი დასაქმდება.

წინასწარი გათვლებით, ეს ტურისტული ზონა საკმაოდ შემოსავლიანი იქნება და წელიწადში 400 ათასამდე ტურისტს მიიღებს.