“არაფრის მომტანია რუსი დეპუტატების არც ჩამოსვლა, არც ჩასვლა, არც საუბარი…”

თბილისში რუს დეპუტატებს ელოდებიან. ისინი “პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა მოსკოვის ვიზიტის დროს დაპატიჟეს. პარლამენტის წევრებმა რუსეთის სათათბიროში გამართული შეხვედრები შეაჯამეს. ”საქართველოს პატრიოტების” წევრი ადა მარშანია რუსი დეპუტატების ვიზიტს ადასტურებს და აანონსებს, რომ სექტემბერში ისინი ისევ ჩავლენ მოსკოვში.

რუსი დეპუტატების ვიზიტი მიუღებელია ოპოზიციისთვისაც და მმართველი გუნდისთვისაც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი კი აღნიშნავს, დუმის დეპუტატების ვიზიტი და მათთან საუბარი არაფრის მომტანია.

“არაფრის მომტანია არც ჩამოსვლა, არც ჩასვლა, არც საუბარი, ვინაიდან რუსეთის პოლიტიკურ ელიტას, ხელისუფლებას გააჩნია საგანგებო სტრატეგიული გეგმა, სამხრეთ კავკასიაში სამხედრო პოზიციების გაძლიერების,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი კი აცხადებს, რომ ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, მისცემენ თუ არა რუს დეპუტატებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის საშუალებას.