„შეიცვალა გარემო,ლარის კურსიც… გაზის ტარიფმაც განიცადა ცვლილება…“

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სხდომაზე თბილისსა და რეგიონებში გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. 

ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის განცხადებით, გაზის ტარიფის მატება ინვესტიციების ზრდამ გამოიწვია. ეს განცხადება მინისტრმა “ამბასადორიალი 2017”-ის ფარგლებში, ეკონომიკურ კონფერენციაზე გააკეთა.

-“სატარიფო ცვლილება განაპირობა ძირითადად იმ ინვესტიციებმა, რომელიც განხორციელდა 2007 წლიდან დღემდე. იმიტომ, რომ 2007 წლიდან გაზის ტარიფი ფაქტიურად არ გადახედილა, შესაბამისად, უკვე გაორმაგებულია აბონენტთა რაოდენობა, უამრავი ინვესტიცია ჩაიდო სექტორში, შეიცვალა გარემო და შეიცვალა ლარის კურსიც. ამ ყველაფერმა მოახდინა ზეგავლენა და ტარიფმაც განიცადა ცვლილება”, – განაცხადა ელოშვილმა.

მისივე თქმით, გაზის ტარიფი აუცილებლად გადაიხედოს, თუმცა ეს იქნება ზრდისკენ, თუ კლებისკენ, ამის თქმა ახლა შეუძლებელია.

თბილისში ყველა კომპონენტის ტარიფში ზრდა ფიქსირდება. გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ 0.5 თეთრით გაიზარდა და 46.15 თეთრი იქნება.