ოკუპაცია გრძელდება!

კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან ე.წ. სასაზღვრო ბანერთან ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს. საოკუპაციო ხაზის ამ მონაკვეთზე, ყარაფილასთან მავთულხლართები გავლებული არ არის.

მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ცხინვალის ხელისუფლებამ ყარაფილას განაპირას არსებული 7 ჰექტარი მიწის ფართობის მითვისება სცადოს.

“ეს არის ოკუპაციის გაგრძელება“, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სიახლოვეს, სოფელ ყარაფილასთან ე.წ. საზღვართან საოკუპაციო რეჟიმის მიერ კიდევ ერთი ხნულის გავლებას.

“ეს არის ზომა, რომელიც მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ, რამდენადაც, გარდა უსაფრთხოებისა, ქმნის ჰუმანიტრულ გამოწვევებს. ყოველ ჯერზე საფრთხის ქვეშ დგება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან საკუთარ მიწებზე წვდომის საკითხი, რაც მათთვის, რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ფორტიფიკაციების მშენებლობა მიმდინარეობს გარკვეულ ფაზებად და სხვადასხვა ფორმით.

“ამასთან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რამდენადაც, ნებისმიერი ასეთი ეპიზოდი, რა მასშტაბისაც უნდა იყოს ის, კიდევ ერთხელ არის დარღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის. უკანონო აქტი, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და შეთანხმებებს, რომლის მონაწილეც თავად რუსეთი გახლავთ. ამავდროულად, ძალიან მძიმე გამოწვევებს ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რას ემსახურება მთლიანად ეს პროცესი. ეს არის ძალიან მიზანმიმართული პოლიტიკა, ოკუპაციის გაგრძელება იმგვარად, რომ რეგულარული პროვოკაციებით მაქსიმალურად მოხდეს საზოგადოებაში დაძაბული ფონის, პროვოკაციებზე ერთგავარდ წამოგების მცდელობა, რაც კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენი მხრიდან არ მოხდება. ჩვენ გვაქვს არჩეული ძალიან მყარი, თანმიდევრული, რაციონალური კურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უკავშირდება. ამიტომ ჩვენთვის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბაქო-სუფსას ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთი ხნულის მიღმა აღმოჩნდა, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია ზუსტდება, ისევე როგორც ზუსტდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი მოსახელობის მხრიდან არსებობს გარკვეული წუხილი სასოფლო-სამეურნეო მიწების გარკვეულ მონაკვეთზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშუირებით.

“ხელისუფლების წარმომადგენლები ამას დეტალურად შეისწავლიან და მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრით და ამის შემდეგ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ ინფორმაცია“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტების მიერ ხნულების გავლების ფაქტს ადასტურებს. „აღნიშნული ქმედება არის ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელება. საკითხი ერგნეთის მომავალ შეხვედრაზე განიხილება.“- განაცხადეს სუს-ში.