იერუსალიმის პატრიარქმა გიორგი კვირიკაშვილი დააჯილდოვა

გიორგი კვირიკაშვილი პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ გვირგვინიანი ოქროს ჯვრით, გვირგვინითა და ვარსკვლავით დააჯილდოვა. პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქისგან მსგავსი ჯილდო უმაღლესი თანამდებობის პირმა პირველად მიიღო.

თეოფილოს III-მ აღნიშნა, რომ მისთვის, წმინდა მიწაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობა დიდი პატივია.
“თქვენს ქვეყანას და ხალხს – საქართველოსა და ქართველებს განსაკუთრებული კავშირი აქვთ იერუსალიმთან, წმინდა მიწასა და იერუსალიმის საპატრიარქოსთან. გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინო, თქვენი ქვეყნის განმანათლებელი, იყო იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დისშვილი. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი სხვა ისტორიული და კულტურული ფაქტორი გვაკავშირებს. იერუსალიმის საპატრიარქომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მართლმადიდებლობის დაცვაში”, – ბრძანა პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა თეოფილოს III-ის წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში და იგი საქართველოში მიიწვია.

“ნება მომეცით, მოგიწვიოთ საქართველოში. მართალია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკვე მოგიწვიათ საქართველოში, მაგრამ მოხარული ვიქნები, პირადად გიმასპინძლოთ”, – მიმართა პრემიერმა პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქს.