“გამგები გაიგებს, ვისაც არ უნდა გაგება – ვერ გაიგებს”

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  პრემიერმინისტრის მიერ სეკულარიზმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

კობახიძის განცხადებით, სეკულარიზმის შესახებ პრემიერმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და “გამგები გაიგებს, ვისაც არ უნდა გაგება – ვერ გაიგებს”.

“ძალიან მოკლე კომენტარს გავაკეთებ სეკულარიზმთან დაკავშირებით. პრემიერმა გააკეთა ამაზე განცხადება. საქართველოს აქვს მოქმედი კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კონსტიტუციური შეთანხმება, რომლითაც სათანადოდ მოწესრიგებულია სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა. რაც შეეხება ევროკავშირთან სეკულარიზმის დაკავშირებას, ევროკავშირში არის ქვეყნები, სადაც არ არის განმტკიცებული სეკულარიზმის პრინციპი, არასეკულარული სახელმწიფოები მაინც არიან ევროკავშირის წევრები, შესაბამისად, რა კავშირშია სეკულარიზმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან, გაუგებარია. საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, ეს დადგენილია კონსტიტუციით, კონკორდატით. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, მან გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება, გამგები გაიგებს, ვისაც არ უნდა გაგება, ის ბუნებრივია, ვერ გაიგებს ამ ყველაფერს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.