“ერთი რამ, რაც ნათელია ამ კვლევიდან – იქნება მეორე ტური!”

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარადგინა. კითხვაზე “ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას”, გამოკითხულთა

30% “ქართული ოცნების” კახა კალაძეს უჭერს მხარს,

19% დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს,

18% “ნაციონალური მოძრაობის” ზაალ უდუმაშვილს.

“ევროპული საქართველოს” ელენე ხოშტარიას და “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატს 3%-3% ერგო.

კვლევის შედეგებს ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, კვლევით ჩანს, რომ თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

“რას ნიშნავს ამ კვლევის შედეგები:

1. კვლევა ჩატარდა მაშინ, როდესაც მხოლოდ ჩემი კამპანია არ იყო დაწყებული, რადგან ოფიციალურად კანდიდატურაც არ მქონდა გაცხადებული – შესაბამისად, მე-2 ადგილი არ არის ცუდი დასაწყისი;

2. ეს შედეგი ბუნებრივია არ არის საკმარისი, მე არჩევნებში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ვირჯები, არამედ იმისთვის, რომ ხალხის დახმარებით გავიმარჯვოთ და თბილისელების პრობლემების მოგვარებას შეუდგეთ;

3. ერთი რამ, რაც ნათელია ამ კვლევიდან – იქნება მეორე ტური;

4. ოპოზიციური ხმები ჯამში გაცილებით მეტია, ვიდრე ხელისუფლების. ეს აჩვენებს რამდენად დაშორდა ხელისუფლება ხალხს და რამდენად წარმოდგენა არ აქვთ რა უჭირთ უბრალო თბილისელებს და რა პრობლემებით ცხოვრობენ. სულ რაღაც რამდენიმე წლის თავზე ხალხი აჩვენებს, რომ მათ მობეზრდათ უპატრონოდ მიგდებული ქალაქის და ქვეყნის ყურება. ახლა მთავარია, რომ თითოეულმა თბილისელმა ბოლომდე ირწმუნოს, რომ ჩვენ შეგვიძლია გარდავტეხოთ და შევცვალოთ ვითარება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ხალხზე” – განაცხადა  ელისაშვილმა.