პროკურატურის შენობასთან „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს

პროკურატურის შენობასთან „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს. მოვაჭრეები ეთანხმებიან გამოძიების ვერსიას და და ამბობენ, რომ მათი ქონების დაცვა დირექტორისა და დაცვის სამსახურის ვალდებულება იყო.

”პირადად მაჭავარიანს ხელს ვერ ვადებთ, მაგრამ პირველი მოთხოვნა მას წავუყენეთ,  რადგან ჩეკს მათ ვაძლევდით, ჩვენი ქონება ებარათ მაგათ.  დღე ჩვენ ვიცავდით და ღამე უნდა დაეცვათ დაცვას და დირექციას. ამიტომ პირველი დამნაშავეები არიან დაცვიდან დაწყებული დირექტორამდე. მოვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას”,- აცხადებს „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრე, ლია ვასაძე.

მისივე თქმით, აქცია პროკურატურასთან 24 საათიან რეჟიმში უკვე ერთი კვირაა გრძელდება და მანამდე არ დაიშლება, ვიდრე დაზარალებულებს ზარალს სრულად არ აუნაზღაურებენ.

საპირისპირო მოთხოვნა აქვთ, „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერებსა და მოიჯარეებს, რომლებიც აქციას იუსტიციის სამინისტროსთან მართავენ. ისინი დაკავებული დირექტორის გიორგი მაჭავარიანისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გათავისუფლებას ითხოვენ.

“გამოძიება დროულად დასრულდეს, წავიდეს სწორი გზით და გაგრძელდეს, გათავისუფლდნენ დაკავებული პირები. ჩვენ არ ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, ვითხოვთ მხოლოდ სამუშაო ადგილებს. ვუთანაგრძნობთ გარე მოვაჭრეებს, თუმცა მოიჯარეებსაც ხომ დაეწვათ საქონელი“,- აცხადებს მოიჯარე დოდო ნიკოლეიშვილი.

პროკურატურამ „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გუშინ დააკავა.