ბათუმში, ზღვაში ბანაობა აკრძალულია

ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე საღამოსთვის 4-ბალიან შტორმს ელოდებიან. ამ დროისთვის, ღელვის სიმძლავრე სამი ბალია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დამსვენებელს ხმის გამაძლიერებლებით სხვადასხვა ენაზე მოუწოდებენ, ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ, რადგან ღელვის სიმძლავრე, შესაძლებელია, მოულოდნელად გაიზარდოს. მაშველები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, სანაპიროზე აღმართულია წითელი ალმები.

„რამდენიმე საათის წინ შემოვიდა შეტყობინება ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით. წყალზე მაშველები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. აღმართულია წითელი ალმები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანაობა დაუშვებელია. მაშველები ხმამაღლა მოლაპარაკეთი რამდენიმე ენაზე აფრთხილებენ დამსვენებელს, რომ თავი შეიკავონ ბანაობისგან, ჩვენი თხოვნა იქნება დაემორჩილონ მაშველების მოთხოვნებს. ამჟამად, სამი ბალი ფიქსირდება ზღვის ღელვის სიმძლავრე, რომელიც მოიმატებს და საღამოსთვის 4 ბალს მიაღწევს“, – განაცხადა შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ.

გაფრთხილების მიუხედავად, სანაპიროზე ამ დროისთვის მაინც შეიმჩნევა დამსვენებელთა სიმრავლე. ძლიერი ქარი იყო დილიდან აჭარის სანაპიროებზე. ქობულეთში ქარმა ხეები წააქცია.