ივლისის განმავლობაში შავ ზღვაზე მაშველებმა 176 ადამიანი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა შავ ზღვაზე ერთი თვის (2017 წლის 1-31 ივლისი) განმავლობაში 176 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის, 106 საქართველოს და 70 სხვა ქვეყნის მოქალაქე. უწყების ინფორმაციით:

• ბოლო 1 თვის განმავლობაში, მაშველების მიერ დამსვენებლების ზღვიდან უვნებლად გამოყვანის ყველაზე მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელი ურეკში დაფიქსირდა, კერძოდ, მაშველებმა, პროფესიონალური და ოპერატიული რეაგირების შედეგად, 62 მოქალაქე (საქართველოს 23 და სხვა ქვეყნის 39 მოქალაქე) გადაარჩენეს.

• წყალზე მაშველებმა ქობულეთში, ეფექტური რეაგირების შედეგად, განსაცდელში მყოფი 24 ადამიანი, მათ შორის, უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე, ზღვიდან გამოყვანეს.

• ბათუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სანაპირო ზოლზე წყალზე მაშველებმა დახმარება 41 პირს – საქართველოს 25 და სხვა ქვეყნის 16 მოქალაქეს გაუწიეს.

• შსს-ს მაშველებმა ანაკლიასა და განმუხურში 45 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მათ შორის იყო საქართველოს 40 და სხვა ქვეყნის 5 მოქალაქე.

• ფოთში ზღვაში განსაცდელში მყოფი ადამიანების გადარჩენის 4 ფაქტი დაფიქსირდა, 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გარდა ამისა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მომუშავე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში პლაჟზე დაკარგული 109 ბავშვი მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს (ურეკში – 97, ბათუმში – 4 და ქობულეთში – 8 ფაქტი). შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოძიებულ ბავშვებს შორის იყვნენ როგორც საქართველოს, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეები.