“სიცრუეს უპასუხოდ ვერ დავტოვებ!”-ჭყოიძე-წამალაშვილის დაპირისპირება

ჟურნალისტ  ეკა წამალაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსს, რომელიც alia.ge-ზე გავრცელდა:

„ივანიშვილის მინისტრმა სერგეენკომ სიტყვა – სიტყვით გაიმეორა ყველაზე ღია და აღვირახსნილი პუტინისტების მესიჯი, რომ რუსეთი “მცოცავ ოკუპაციას” კი არ ახდენს საქართველოში, სსრკ–ს დროინდელი “სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქის” საზღვრების აღდგენას ცდილობს. ამას სხვადასხვა ეთერებში ამბობს არჩილ ჭყოიძე, ამას “ობიექტივიდან” გაიძახის ბონდო მძინარიშვილი. არავითარი განსხვავება მათსა და დავით სერგეენკოს შორის არ არის, გარდა იმისა, რომ სერგეენკო ხელისუფლებაში დაწინაურებელია. გინდ ეგ გვყოლია მინისტრად, გინდ პუტინის “ტუფლის”მლოკველი ჭყოიძე ან მძინარიშვილი. ესაა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება.”

„ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე ეხმიანება:

-არ ვიცი ელოდება თუ არა ჩემგან პასუხს ეკა წამალაშვილი, მაგრამ უზრდელად გამოხატულ სიცრუეს უპასუხოდ ნამდვილად ვერ დავტოვებ. თუმცა ნუ ექნება იმის იმედი „ქალბატონ“ ეკას, რომ მის უზრდელობას უზრდელობით ვუპასუხებ და ხელს შევუწყობ აურზაურის ატეხვაში. უფრო მეტიც, ამ პოსტის ადრესატი სულაც არ არის ვაი-ჟურნალისტი წამალაშვილი. მე კვლავ ჩვენი საზოგადოების ინერტულობა (რბილად რომ ვთქვათ) მადარდებს. ეს ის ქალბატონია, რომელიც სააკაშვილის მიტაცებულ ტელეკომპანიაში „იმედი“ ყველა სიბინძურეს „უპრავებდა“ როგორც პირადად მიშიკოს, ისე მის მიშმაკუნებს. სწორედ წამალაშვილი გახლდათ ერთ-ერთი შემოქმედი მოდელირებული ქრონიკისა, რასაც ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა, ხოლო შოკირებული საზოგადოება დიდხანს ვერ გამოვიდა სტრესული მდგომარეობიდან. ქართულმა საზოგადოებამ, როგორც ჩანს, ეს სააკაშვილსაც აპატია და მის ლაქია ჟურნალისტსაც.

2008 წლის მოვლენებიდან ჯერ ათი წელიც კი არ გასულა და ასეთი რა ამნეზია დაემართა წამალაშვილს, სერგეენკოს სიტყვებმა რომ გადარია?! ეს ქოქოლა რატომ არ დააყარა თავზე ტალიავინს და მის კომისიას, რომელმაც შავით თეთრზე დაწერა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო?!

ახლა ცოტა წინა პერიოდიც მინდა შევახსენო სკლეროზის მძიმე ფორმით შეპყრობილ ქალბატონს (სამწუხაროდ მხოლოდ მას არ სჭირს სკლეროზის ასეთი მძიმე ფორმა): ნაცების მმართველობის პერიოდში იქნა დაშვებული სტრატეგიული შეცდომა (შეცდომა იყო თუ განზრახული ნაბიჯი?), როდესაც კოდორის ხეობას, რომელიც საქართველოს გარდა სხვა რომელიმე სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ არასდროს არ ყოფილა, იდიოტური პიარკამპანიის ფონზე სახელი გადაარქვა და ზემო აფხაზეთი უწოდა – და დავკარგეთ აფხაზეთი კოდორის ხეობასთან ერთად; ნაცების მმართველობის პერიოდში იქნა დაშვებული მეორე სტრატეგიული შეცდომა (შეცდომა იყო თუ რუსეთის წისქვილზე დახმული წყალი?), როდესაც ვითომპრეზიდენტ სანაკოევის ბრიუსელებში, სტრასბურგებში და ვაშინგტონებში ბაირაღივით საფრიალებლად და მილიონობით დოლარის ჩასაჯიბად სამაჩაბლოს ქართულ სოფლებს ახალგორიც დაუმატა და ზვიად გამსახურდიას მიერ გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი აღადგინა, ოღონდ უფრო მაღალი სტატუსით, და საშუალება მისცა ოს სეპარატისტებსა და მათ მხარდამჭერ რუს სამხედროებს მავთულხლართები გაევლოთ სააკაშვილის მიერ დადგენილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებზე – და დავკარგეთ სამხრეთი ოსეთი ახალგორთან ერთად; სააკაშვილმა იგივე გააკეთა, რაც ბოლშევიკების დროს სერგო ორჯონიკიძემ – ხონჩით მიართვა რუსებს აფხაზეთიც და სამაჩაბლოც. აღარაფერს ვამბობ უცხოელთა ექსპანსიაზე, რომელიც მისი ულტრალიბერალური სავიზო რეჟიმის და მოქალაქეობის მიღების უმარტივესი პროცედურის შედეგია. და ამ ყველაფერს ‘აპრავებდნენ’ წამალაშვილისნაირები, და ქართულმა საზოგადოებამ, როგორც ჩანს, ეს სააკაშვილსაც აპატია და მის ლაქუცა ჟურნალისტსაც.

თუ არა სკლეროზის უმძიმესი ფორმა, სხვა რას უნდა დავაბრალოთ წამალაშვილის განრისხება ივანიშვილის მინისტრზე? რუსეთისპასპორტიანი საგარეო მინისტრი რომ ჰყავდა სააკაშვილის დროს საქართველოს, ხომ ვერ ამიხსნით, რითი იყო ეს გამოწვეული? ასეთი რა ფასდაუდებელი დიპლომატი იყო ვაშაძე, რომ სსრკ საგარეო სამინისტროში ბირთვული ქობინების განყოფილებაში ნამუშევარი ჩონოვნიკი, მაღალი რუსი ჩინოსნის ყოფილი სიძე, რუსეთში გაზრდილი და გაწვრთნილი კაცი არ დაენიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელად?! ამასაც კარგად ‘უპრავებდით’ სააკაშვილს, და ქართულმა საზოგადოებამ, როგორც ჩანს, ეს სააკაშვილსაც აპატია და მის ცრუპენტელა ჟურნალისტსაც.

და ბოლოს: სკლეროზი მძიმე დაავადებაა, არ ვიცი რჩება თუ არა. სამწუხაროდ, ვეჭვობ, რომ სკლეროზთან ერთად წამალაშვილს და მის სათაყვანო ნაცებს ახლომხედველობაც აწუხებს. არა თვალის, არამედ – ტვინის. ასეთი ახლომხედველობით იყვნენ შეპყრობილი მიშმაკუნები, როდესაც ცხინვალზე გაილაშქრეს და, სულ მცირე, ერთი-ორი ათეული წლით დაგვაშორეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივას. ამ პერსპექტივის გასაცოცხლებლად შეიქმნა ერეკლე მეორის საზოგადოება, 2008 წლის მიწურულს, ერთადერთი მიზნით – გამოეძებნა რაიმე გზები რუსეთთან დიალოგისთვის, სახალხო დიპლომატიის განვითარებისთვის, თითქმის დაკარგული იმედის გაღვივებისთვის. ამისკენ მოუწოდებს დღესაც ჩვენი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას – ყველა ღონე იხმაროს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად, მესამე და მეოთხე ძალების ჩარევის გარეშე. მე არ ვიცი ვინ ვის ‘ტუფლებს’ ლოკავს, მაგრამ ერეკლე მეორის ნატერფალს ნამდვილად ვეთაყვანები, რადგან უფლის ნებით და მისი შორსმჭვრეტელობით საქართველომ შეინარჩუნა ერიც და ბერიც. თუმცა ეჭვიც არ მეპარება, რომ პუტინის ‘ტუფლების’ ასალოკად ჩამდგართა რიგებში ძალიან ბევრი მოქმედი თუ ყოფილი ნაცმაცუნაა.

  1. გაზეთ ალიას, რომელსაც პრეტენზია აქვს რეიტინგზე, არ ეკადრება უხამსი დეზინფორმაციების ბეჭდვა – ქაღალდი ყველაფერს აიტანს პრინციპი აქ ნამდვილად არ გამოადგებათ. (სტილი დაცულია)