რომან რურუა: საქართველოს საგარეო კურსი უნდა შეიცვალოს!

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის კონგრესზე საზოგადოების წინაშე წარსდგა მსოფლიო ჩემპიონი რომან რურუა, რომლის ახალი წიგნის „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“ წარდგენა და განხილვა კონგრესის ერთ-ერთი საკითხი იყო. რურუამ საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი უნდა შეიცვალოს. მისივე თქმით, სრულად დამოუკიდებელი ქვეყანა არ არსებობს, ასეთი არც ამერიკაა და არც რუსეთი, მან დეტალურად დაასაბუთა მისი მოსაზრება და განაცხადა:

-ჩემი განვილილი ცხოვრება და გამოცდილება მაძლევს იმის უფლებას, რომ ვიფიქრო, საკუთარი მოსაზრებები გამაჩნდეს და თქვენც მოკლედ გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები ყველა იმ მოვლენაზე, რაც ბოლო ათწლეულებია ჩვენ გარშემო ხდება.

ნახევარი ცხოვრება რუსეთში გავატარე, ასე თუ ისე, ვიცნობ რუსების ხასიათს და შემიძლია გითხრათ, მაგათზე უფრო რბილი ბუნების ხალხი არსად შემხვედრია.

რუსეთი ოკუპანტიაო, სხვის ტერიტორიებს იტაცებსო, იმდენი ვუძახეთ, სანამ მართლა ოკუპანტი არ გახდა.

რატომ გახდა ოკუპანტი?

ამის პასუხად, გავარკვიოთ, რა უნდა თავად საქართველოს, რა უნდა რუსეთს, ჩრდილოეთ კავკასიას და ყველაფერი დალაგდება.

ადამიანები კონკრეტულ გეოგრაფიულ სივრცეში, ყოფიერებიდან გამომდინარე აზროვნებენ. მათი ხასიათი, სურვილები, მისწრაფებები ადგილობრივ ბუნებრივ კანონებთან შესაბამისობაშია ჩამოყალიბებული. აქედან გამომდინარე, ვერ მოარგებ ერთსა და იმავე კანონს ყველა ერს, ხალხსა და ქვეყანას.

ჩვენი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარი იმ გარანტიით გავიდა, რომ სხვა ქვეყნის ჯარი აქ აღარ შემოვიდოდა. ჩვენ კი ნატოსთან თანამშრომლობის მოლაპარაკებები დავიწყეთ, აფხაზეთმა დამოუკიდებლობისკენ გაიწია, ჩრდილო კავკასიის ზოგიერთი ხალხიც მათ დაუდგა გვერდით, რადგან შავ ზღვაზე გასასვლელის მოპოვება სურდათ. რუსეთი იშლებაო და მუსლიმანურ სამყაროსაც ჩრდილოეთ კავკასიაში გაუჩნდა დამოუკიდებლობის იმედი. თუ აფხაზეთი დამოუკიდებელი გახდებოდა, აფხაზეთთან ერთად შექმნიდნენ ჩრდილო კავკასიის ხალხების კონფედერაციას, გამოაცხადებდნენ დამოუკიდებლობას და შავ ზღვაზე გასასვლელსაც მოიპოვებდნენ. აფხაზეთის თავდაცვის მინისტრად შამილ ბასაევი დაინიშნა, მას ბოევიკები შემოჰყვა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა. ზუსტად იმ პერიოდში, სტამბოლში მომიწია წასვლამ, ბატონ ვახტანგ გოგუაძესთან ერთად. მახსოვს, თურქეთში რუსეთის ელჩთან, ბატონ ჩერნიშოვთან შეხვედრა. ვახტანგთან საუბრის შემდეგ მეც გამიჩნდა სურვილი რამდენიმე შეკითხვა დამესვა ელჩისთვის. ვკითხე:

_ რა ინტერესი აქვთ ჩეჩნებს აფხაზეთში, რატომ იბრძვიან ქართველების წინააღმდეგ?

– ზღვაზე გასასვლელი უნდათ.

რუსეთი ამას დაუშვებს-მეთქი? – ვკითხე.

ჩურჩულით მიპასუხა: არასოდეს, არასოდესო.

სამწუხაროდ, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა, რა მოხდებოდა შემდგომში, რომ რუსეთი არ დაუშვებდა ჩრდილო კავკასიის და აფხაზეთის საქართველოსთან კონფედერაციას ან სხვა რაიმე ფორმით გაერთიანებას და მათ დამოუკიდებლობას.

აი, რას ნიშნავდა ჩერნიშოვის ნათქვამი. რუსეთმა აფხაზეთის წართმევით ალყაში მოაქცია ჩრდილოეთი კავკასია, ანუ უზრუნველყო თავისი ტერიტორიის უსაფრთხოება.

ეს უნდა სცოდნოდათ ჩვენს მაშინდელ პოლიტიკოსებს ჩერნიშოვის გარეშეც. მათმა გაუაზრებელმა ქმედებამ ის შედეგი მოგვიტანა, რაც დღეს გვაქვს.

შექმნილი სიტუაციის გაანალიზება საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის ვალდებულება იყო, შეცდომებზე პასუხისმგებლობა ევალებოდა ყველა იმ ხელისუფლებას, მათ შორის კომუნისტურსაც, ვისმა არასწორმა გადაწყვეტილებებმაც ჩამოგვაშორა ეს რეგიონები. სახელმწიფოებრივი შეცდომების დროის ათვლას მე 60-იანი წლებიდან დავიწყებდი, იმ პერიოდიდან, როცა გამოჩნდა ბზარი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, გაჩნდა უთანხმოების პირველი ნაპერწკალი. ჩემი თაობის ადამიანებს ემახსოვრებათ, იყო ასეთი შემთხვევა: გაგრა-თბილისის სამგზავრო მატარებელს სოხუმში ქვები დაუშინეს და ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს. ეს მოხდა გაგანია კომუნისტური წყობილების დროს. მაშინ ეს ამბავი მიიჩქმალა, ვითომ არაფერი მომხდარიყო. სწორედ იმ პერიოდიდან გამოდის ასპარეზზე აფხაზური სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი კონსტანტინე ოზგანი. ის არ იყო არც აფხაზი და არც ქართველი. დაისმება კითხვა: აბა, ვის ემსახურებოდა? ვის და რუსეთს. ჩვენ მაშინ ასე ვფიქრობდით, მაგრამ ოზგანი რუსეთის ინტერესების გამტარებელი არ აღმოჩნდა. მისი მიზანი აფხაზეთის ჩრდილოეთ კავკასიასთან მიერთება იყო.

აი, აქედან იწყება ყველა ის უბედურება, რაც დღემდე გვჭირს, რადგან ისევ ბუნება მიგვანიშნებს ერთ რამეზე – ნაპერწკალი რომ გაჩნდება, თუ არ ჩააქრე, ხანძარი მოედება ტყეს და მთლიანად გაანადგურებს, მაშინდელი ჩვენი უშიშროების სამსახურის ყოვლად გაუმართლებელმა უმოქმედებამ მიგვიყვანა ხანძრის გაჩენამდე.

სულ რამდენიმე წელია მოკვდა ჩვენი დროის `გმირი~ კონსტანტინე ოზგანი, მაშინ, როცა სამშობლოს ღალატისთვის დახვრეტა არ უნდა ასცდენოდა.

ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი ნიკოლო მაკიაველი ამბობს; სამშობლოს გადარჩენისათვის ნებისმიერი ბარბაროსული ქმედებაა გამართლებული.

რა დროს დემოკრატიაა, ძმობილო, როცა ქვეყანა თავზე გვენგრევა.

მაკიაველის ფილოსოფიის თანახმად, ბატონი ოზგანი ხანძრის გაჩენამდე უნდა გამქრალიყო ამ სამყაროდან.

აფხაზეთს მაშინ დავიბრუნებთ, კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს თუ ჩამოვაყალიბებთ იმასთან, ვისაც ეს საკითხი ეხება. ეს არის რუსეთი, რომელიც აშკარად გვთხოვს – მე ვარ შენი მოსაზღვრე და ჩემს მტერს ნებით ნუ შემოუშვებთ ჩემს სიახლოვეს, თუ არადა, ჩემი ინტერესების მიხედვით, აფხაზეთს მივუერთებ იმერეთს, გურიას, სამეგრელოს, ცხინვალს და დაგტოვებთ თბილისის ამარაო.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რუსები ამას გააკეთებენ.

ახლა,  ვინმემ  არ  იფიქროს, თითქოს მათი განზრახვის შესახებ რაიმე ვიცოდე, უბრალოდ, ვფიქრობ, ასე მოიქცევიან და მე თუ ვიფიქრე, იმათ უკვე ნაფიქრი არ ექნებათ?!

ვის მოუვიდა აზრად, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთთან მიმართებაში სხვაგვარად წარიმართებოდა? სახელმწიფოს მართვა, უმეტესწილად, დამოკიდებულია ანალიტიკური ცენტრის მუშაობაზე, რომელიც თვალყურს ადევნებს მსოფლიოს სუნთქვას. ცენტრი აანალიზებს, რა ხდება შინ და გარეთ და რა საფრთხეების ან გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა. შესაბამისად მოქმედებს ხელისუფლებაც. თუ ანალიტიკური ცენტრები არ არსებობს ქვეყანაში, მაშინ არც სახელმწიფო არსებულა და, თუ არსებობს, მაშინ გამოვააშკარაოთ, ვინ იძლეოდა ჩვენთვის დამანგრეველ ინსტრუქციებს.

ანალიტიკური აზროვნება არის ჩვენი ხვალინდელი დღე და რომელი ქვეყანაც დღეს მასიურად გადადის ანალიტიკურ აზროვნებაზე, მომავალი მისია.

ბოლოს და ბოლოს, ქართველებმა ვითარების გაანალიზება უნდა ვისწავლოთ. ადრე მხოლოდ ფილოსოფოსებს და სხვა გამორჩეულ ადამიანებს მოეთხოვებოდათ მოვლენებზე ღრმა ანალიზი. სიტუაციების ანალიზზე მასიურად უნდა დავიწყოთ სერიოზული ფიქრი.

ანალიტიკური აზროვნება ოჯახის მართვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმიცაა. ანალიტიკური აზროვნების გარეშე ცხოვრება თანდათან წარმოუდგენელი ხდება.

კიდევ ვიმეორებ: მიუხედავად დეკლარირებული დამოუკიდებლობისა, ჩვენ, რეალურად, არა ვართ არც დამოუკიდებელნი და არც თავისუფლები. თუმცა ბოლომდე დამოუკიდებელი და თავისუფალი არც ერთი ქვეყანა არ არის: საქართველოში ერთი გავრცელებული ფრაზაა: თავისუფალიმხოლოდ გიჟიაო და სწორია ეს.

უნდა ვიფიქროთ, დღეს გადადგმული ნაბიჯები რას მოგვიტანს და ხვალ გადასადგმელი ნაბიჯები, რას მოგვცემს. მიღებულ შედეგებზე პასუხი უნდა აგოს სახელმწიფო მმართველობამ.

ჩვენთან დამკვიდრებული პოლიტიკური წრეების აგიტაციის მთავარი ლაიტმოტივი არის ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას ანგელოზად მოაქვს თავი, იფუთება ბრწყინვალე მომავლის ავტორად, რასაც ხალხი, ამომრჩეველი მეტნაკლებად იჯერებს, აირჩევენ და ფიქრობენ, იქნებ გაგვიმართლოსო. არ დაიცალა ტყუილების გუდა. შედეგად კი ვიღებთ მოტყუებულ, იმედგაცრუებულ საზოგადოებას. ისევ იწყებს კარუსელი ტრიალს. შესაბამისად, ისევ უკან ვბრუნდებით და გადის ჩვენი ცხოვრება. ამ მოლოდინში ქვეყანა შეთხელდა. ამიტომ, სასურველია, პოლიტიკურ პარტიებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს და ჩვენს ახალ კონსტიტუციაში ჩაიწეროს – პარტია, რომელიც სახელმწიფოს სათავეში მოვა, ვალდებულია აღასრულოს დაპირებები და, თუ ვერ შეასრულებს, რეალურად გასამართლდეს, პასუხისგებაში მიეცეს ხალხის მოტყუებისთვის.

დღევანდელი პოლიტიკური სისტემა მიუღებელია, ვინაიდან ყველა ცრუობს. საარჩევნო პროგრამა, რის გამოც ხალხმა ესა თუ ის პოლიტიკური პარტია აირჩია, შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.

დღემდე არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ვინც ქვეყნის სათავეში მოსულა, პასუხი არ უგია. იმიტომ გვაქვს ამდენი და ასეთი უხარისხო, უპასუხისმგებო პარტია.

რაც შეეხება კვლავ რუსეთს, ის გახლავთ უახლოესი მეზობელი და მის გეოპოლიტიკურ ინტერესებს თუ არ გავითვალისწინებთ, იგი შეეცდება აფხაზეთი გააერთიანოს მთელ დასავლეთ საქართველოსთან და შავ ზღვასაც დავემშვიდობებით.

ამ საშიშროების წინაშე, შეიძლება, რეალურად დავდგეთ, რადგან რუსეთი გახლავთ სახელმწიფო, რომელსაც ნახევარი მსოფლიო უწევს ანგარიშს და ეს უნდა გავითვალისწინოთ.

მომავლის პერსპექტივაში რუსეთთან შეიკვრება თურქეთი, ჩინეთი, ირანი, ინდოეთი და რუსეთს, რომ იტყვიან, უბატონოდ ხმას ვერავინ გასცემს.

ახლა ხშირად ისმება კითხვა: რა უნდა ჰქნას საქართველომ? რა პოზიცია დაიკავოს?

პირველ რიგში, უნდა შევცვალოთ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. პარალელურად, უნდა შეიცვალოს ეკონომიკური პოლიტიკაც. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მრეწველობას. უნდა შევიმუშაოთ განვითარების კონცეფცია. ჩვენ გვჭირდება ძლიერი შინაგანი ჯარი. ჩვენ უნდა დავიჭიროთ ნეიტრალური პოზიცია. არ დავუშვათ ჩვენს ტერიტორიაზე არც ერთი ქვეყნის ან კოალიციის ჯარი და შეიარაღება.

ამას ვინც ამბობს ახლა, იმას `მოღალატეს~, ან `რუსეთის აგენტს~ ეძახიან.

არავითარი აგენტი არაა ის, ვინც ხვდება, რა გზავნილებს უშვებს რუსეთი. ის ამ- ბობს: იყავით დამოუკიდებელი, არ შემოვალ თქვენთან არავითარ კონფლიქტში, ჯარებს გავიყვან, ოღონდ არ განალაგოთ თქვენს ტერიტორიაზე ჩემი მოწინააღმდეგე ბლო- კის ბაზები! ჩვენ პირიქით ვაკეთებთ და მეტიც, ჩვენს ჯარს ნატოს სპეციალისტებს ვაწვრთნევინებთ.

როგორც სპორტში, ასევე პოლიტიკაში, შენზე ძლიერს არ უნდა დაეჭიდო, რადგან წაგება გარდაუვალი იქნება.

მე ვარ მსოფლიო ჩემპიონი და როგორი ჩემპიონიც ვიყავი, ცნობილია. ერთ მაგალითს მოვიყვან: ყველამ იცის, უდიდესი მოჭიდავეა ალექსანდრ კარელინი და, მიუხედავად იმისა, რომ საჭიდაო ხელოვნებაში შეიძლება მასზე უფრო ძლიერი ვიყო, მას არავითარ შემთხვევაში არ შევეჭიდებოდი. ფიზიკური სხვაობიდან გამომდინარე, ჩემი გამარჯვება მასთან შეუძლებელია და არც თქვენ მირჩევდით, ალბათ.

ნათქვამია, ძალა აღმართს ხნავსო. ჩვენს შემთხვევაში ძალა მართავს და არა გონიე- რება. გონიერება ადამიანს გინდა იმისთვის, რომ ძლიერთან არ მოგივიდეს შეცდომა, აი, ეს არის სწორი გადაწყვეტილება.

რატომ ვიტკივებთ აუტკივარ თავს? არ ჯობია, მშვიდობიანად ვიცხოვროთ ყველა სახელმწიფოსთან და განსაკუთრებით, მეზობლებთან?!

სარწმუნოება და დიდი რუსული ბაზარი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიყენებთ. ვსხედვართ ნაყოფიერი ხის ტოტზე და ჩვენივე ხელით ვჭრით ამ ტოტს. ეს არ არის გონივრული საქციელი.

დაუჩემებიათ: ევროპაში და აშშ-ში გავიტანოთ პროდუქციაო. კი, ბატონო, გავიტანოთ! მაგრამ ვის სჭირდება იქ ჩვენი პროდუქცია? ევროპა-ამერიკას რად უნდა ქართული ღვინო, საუკეთესო გერმანული, ესპანური, იტალიური, პორტუგალიური და ფრანგული ღვინოებითაა სავსე მსოფლიო ბაზარი. ჩვენ კი ჩვენი ბაზრისთვის ვერ გვიპატრონებია. რა გვაქვს ჩვენ, რას ვაკეთებთ, რას ვაწარმოებთ, ან რა ვართ, საერთოდ? თოხს ვერ ვაკეთებთ და ბარს, ტუალეტის ქაღალდსაც ვერ ვუშვებთ და კიდევ დიდი პრეტენზიები რომ გვაქვს, ესაა, სწორედ, გასაკვირი. აი, ახლა, ივნისის თვე დგას საქართველოში. წადით, მაგალითად, კახეთში, ან საქართველოს სხვა რეგიონში, იქ ნახავთ ჰექტრობით დაუმუშავებელ მიწა, გავერანებულ ვენახებს. რაც დამუშავებულია, ისიც უხარისხოდ. მერე ჩადით გერმანიაში და დაათვალიერეთ, როგორ უვლიან გლეხები ვენახებს, მინდვრებს, მიწას…

ან რა დღეში გვყავს შინაური ცხოველები და ფრინველები?!..

ვისი კარნახით გავანადგურეთ ფაბრიკა-ქარხნები, მრეწველობა, ეკონომიკა, არ არის საინტერესო? რუსეთსაც და უკრაინასაც იგივე დამართეს, რაც ჩვენ. ლუკაშენკომ რატომ არ დაანგრია ყველაფერი თავის ქვეყანაში, გიფიქრიათ ამაზე?

შეცდომებზე არ გვინდა ლაპარაკი? არ გამოვა ასე. წარსული ჩვენი საზომია. შეცდომებზე უნდა ვილაპარაკოთ და გამოვასწოროთ. მის გამოსასწორებლად მთავარია, მრეწველობის განვითარების რამდენიმე კომპონენტის სახელმწიფოს, ანუ საზოგადოების ხელში დაბრუნება.

ისტორია არავის ავალდებულებს მის ცოდნას, მაგრამ არცოდნას არავის პატიობს.