ტექნოპარკში თბილისის გენგეგმა განიხილეს

ტექნოპარკში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად,განხილვას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. დოკუმენტი შეხვედრის მონაწილეებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენელმა მერაბ ბოლქვაძემ გააცნო.

განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბიზნესმენების მხრიდან ძირითადი კითხვები გენერალური გეგმის შემდგომ აღსრულების მექანიზმების შესახებ დაისვა. ასევე, გამოითქვა მოსაზრებები პარკირების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბიზნესწრეების წარმომადგენლები ყველა მოსაზრებებს და წინადადებებს მერიას აგვისტოს ბოლომდე წარუდგენენ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა უკვე შედგა თბილისის საკრებულოში, არქიტექტორთა კავშირში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა აკადემიაში.