„კერძო პარტიულ ინტერესებს გადავაყოლეთ სამშობლო, ხათრის გამო დაკრულ ტაშს და საკუთარ ჯიბეს…“

F-news

ლევან შერმადინი

-სამწუხარო ტენდენცია გრძელდება 1991 წლის თბილისის ძმათა მკვლელ ომზე პასუხი არავის არავისთვის მოუთხოვია, 1992 წლის სამაჩაბლოს ომზეც არავინ დასჯილა, 1993-1994 წლის აფხაზეთის ომზეც არავინ გაუსამართლებიათ, 2004 წლის სამაჩაბლოს შეტაკებებზეც არ მიუციათ არავინ პასუხისგებაში და რა თქმა უნდა 2008 წელიც ვერ იქნებოდა ამ კუთხით გამონაკლისი.

ამდენი წაგებული ომი, ამდენი მოღალატე, ამდენი დახოცილი საკუთარი ქვეყნის მოქალაქე, ათობით- ათასი გაუბედურებული ოჯახი და პასუხი არავის არაფერზე უგია?!

აი რატომაა ძლევაი საკვირველი ასე შორს, აი რატომ ვეცოდებით და თან ვეზიზღებით ცივილიზირებულ მსოფლიოს, აი რატომ არ აქვთ მომავალი ჩვენს ახალგაზრდა თაობას, აი რატომ დავდივართ კრწანისის ომის მერე სულ დამარცხებულები. კერძო პარტიულ ინტერესებს გადავაყოლეთ სამშობლო, ხათრის გამო დაკრულ ტაშს დავაღუპინეთ ჩვენი დაგლეჯილი ქვეყანა .

მაცივრიდან საპირფარეშომდე აუღეთ ალღო ცხოვრებას, საკუთარი ჯიბის გარდა არავის არაფერი აღარ გვაინტერესებს, ვის რა გამოვრჩეთ, ვინ სად და როგორ გამოვიყენოთ. მთავარია ჩვენ სახლში იყოს მშვიდობა და გარე მეზობელი თუნდაც ერთმორწმუნე დათვს შეუჭამია!