მუშაობა 2 ან მეტ სამსახურში – რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს რამდენიმე სამსახურში მუშაობას.

კანონპროექტში პირდაპირ წერია, რომ მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს. ამის შესახებ გამოცემა BM.ge წერს.

„აკრძალულია ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება თუ დასაქმებულის მიერ მეორე და/ან შემდეგი სრული და/ან არასრული სამუშაო განაკვეთის შესრულებით (შეთავსებით) ჯამურად ირღვევა V თავით დადგენილი სამუშაო დროის სტანდარტი”, – ნათქვამია კოდექსის პროექტში.

შრომის კოდექსის მეხუთე თავში ნათქვამია, რომ „დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს“, ხოლო, შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

იმისთვის, რათა მოქალაქემ ერთზე მეტ სამსახურში შეძლოს მუშაობა, მისი პირველი სამუშაოს შესრულებამ დადგენილი მაქსიმალური ლიმიტები არ უნდა შეავსოს.

ცქიტიშვილის თქმით, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს, რომ მოქალაქეებს ვინმემ ზედმეტი მუშაობა არ აიძულოს.

დეპუტატი ამბობს, რომ არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, რომ მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებით 2 სამსახურში დასაქმება აიკრძალება. მისი თქმით, ინიციატივის მიზანია, თითოეული დასაქმებული დაცული იყოს იმისგან, რომ დამსაქმებელმა არ აიძულოს იმაზე მეტი მუშაობა, ვიდრე მისი ჯანმრთელობისთვისაა მისაღები.

„ადამიანი თუ მუშაობს 2 ან მეტ სამსახურში, ეს მისი არჩევანია, მაგრამ თითოეულ დასაქმებულს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ თუ თვითონ ჩათვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა და აიძულებენ იმაზე მეტ მუშაობას, ვიდრე ეკუთვნის, ამისთვის სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ზემოქმედების მექანიზმები. ეს არ გულისხმობს, რომ ვინმეს აუკრძალოს თავისი სურვილით იმუშაოს რამდენიმე ადგილას, მით უმეტეს თუ ეს ინტელექტუალურ შრომას ეხება, შეზღუდვების დაწესება არ შეიძლება მომსახურების სფეროში. აქ საუბარია უფრო ეფექტურ მექანიზმებზე, რომ ვინმემ კანონი მოქალქეების შრომის ექსპლუატაციისთვის არ გამოიყენოს“ – ამბობს ცქიტიშვილი.