ხმაურის ზედა ზღვარი და ჯარიმები 15 აგვისტოდან

პარლამენტმა ხმაურის შესახებ კანონი 28 ივნისს დაამტკიცა, კანონი კი ძალაში 15 აგვისტოს შევა. 

მაუწყებლის ინფორმაციით, საცხოვრებელსა და საძინებელში დღისით ხმაური 35 დეციბელს, ღამით კი 30-ს არ უნდა აღემატებოდეს.

სავაჭრო დაწესებულებებში ნორმა 55 დეციბელი განისაზღვრა; სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებებში კი – 40 დეციბელი; სასწავლო დაწესებულებებსა და სამკითხველოებში – 35 დეციბი.

რაც შეეხება ბარებსა და რესტორნებს, თუ ისინი ექვს და უფრო ნაკლებსართულიან კორპუსს ესაზღვრება, დღის საათებში დასაშვები ნორმა 50 დეციბელია, ხოლო ღამით – 40 დეციბელი; მაღალსართულიანი კორპუსების მიმდებარედ ხმაურის დასაშვები ნორმა დღისით 55, ხოლო ღამით 45 დეციბელია.

ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისას დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. პირველ შემთხვევაზე – გაფრთხილება, ერთი წლის განმავლობაში განმეორებაზე – 150-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირის შემთხვევაში – 500-ლარიანი.