“მე ამაყი ვარ, რადგან მამაჩემი გმირია, მან სამშობლო არ დასთმო…” (ნამდვილი ამბავი)

ეკლესიაში, წმინდა გიორგის ხატთან ანთებული სანთლით დაჩოქილი გოგონა ლოცულობდა. ბავშვი 8-9 წლის იქნებოდა. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, ლამაზი ტუჩებით რაღაცას ბუტბუტებდა, ალბათ თავისებურად ლოცულობდა, თან ეტყობოდა თავს ძალას ატანდა არ ეტირა. ერთხანს ვუყურებდი, ვხედავდი როგორ ეწოდა პაწია ხელები, ვგრძნობდი რომ მისთვის ამ წუთას არავინ და არაფერი არსებობდა, მხოლოდ ის და წმინდა გიორგი…თავსაფარი გადაეხადა, ურჩი კულულები მხრებზე ჩამოეშალა, ერთი ხელით სცადა გადაეწია თმები, მაგრამ კულულები არ ემორჩილებოდნენ, სანთელს ხან ერთ ხელში გადაიტანდა, ხან მეორეში… არ მინდოდა მის სამყაროში შევჭრილიყავი, მაგრამ გულმა არ მომითმინა, მივედი და ჩუმად ვუთხარი:

-რაზე ლოცულობ, რას სთხოვ, პატარავ, ღმერთს?

-მამიკოზე ვლოცულობ, მე არ ვიცნობდი, მალე მარიამობაა, მეც მარიამი მქვია და ღმერთს ვთხოვ სიზმრად მაინც მოვიდეს მამიკო. ამიყვანოს და მომეფეროს, მე ვიგრძნობ მის ხელებს, მაკოცებს, მომეფერება…შენ გჯერა, რომ სიზმარშიც ვიგრძნობ?-მკითხა და მის ხმაში იმდენი მუდარა იყო-უარი არ თქვაო..ან როგორ მომიბრუნდებოდა ენა…

-რა თქმა უნდა, მარიამ, მჯერა და ვიცი, რომ აუცილებლად, აუცილებლად მოვა მამიკო და შენ მის სითბოს იგრძნობ, მაგრამ მოდი ახლა სანთელი დავამაგროთ და გარეთ გავიდეთ, ხელები გეწვის.

ბავშვმა შემომხედა, თავი გააქნია-არაო, ასე მაქვსო შეთქმული, თუ მუხლდაჩოქილი წმინდა გიორგი სანთელს ხელში დავუნთებ, სურვილი შემისრულდებაო.

-მამაჩემს გიორგი ერქვა, ხოდა წმინდა გიორგის ვთხოვ.

-ჩანთიდან პატარა ფურცელი ამოვიღე, სანთელზე დავუმაგრე და ისე მივეცი, რომ ჩამოღვენთილ სანთელს კიდევ არ დაეწვა ხელები. ვაკოცე და გადავწყვიტე ხელი არ შემეშალა, გვერდით დავმდგარიყავი, მაგრამ გოგონამ კაბაზე ხელი მომკიდა და არ წახვიდეო-მთხოვა. მეც დავიჩოქე.

სანთელი რომ ჩაიწვა, ბავშვი ადგა.

-შენ აქ მარტო ხარ?-ვკითხე მე.

-არა, ბებო გარეთ მელოდება, დიდხანს ფეხზე დგომა არ შეუძლია.

გავედით. გოგონა სკამზე მჯდარ მოხუც ქალთან მივიდა, რომელმაც შვილიშვილის დანახვისთანავე თვალებიდან ცხვირსახოცი მოიცილა.

-ბებო, კიდევ იტირე? მე წმინდა გიორგის ვთხოვე და …

ქალმა შემამჩნია, გაოცებულმა შემომხედა.

-ეს ჩემი ახალი მეგობარია, ბებო, ჩემთან ერთად დაიჩოქა და ორივემ ერთად ვილოცეთ.

ქალს გავუღიმე, მიხვდა მაინტერესებდა მათი ამბავი.

-აი, ასე ვართ, შვილო უკვე 9 წელია. მალე მისი დაბადების დღეა. აგვისტოს ომის მერე დაიბადა. ჩამი შვილი, ჩემი გიორგი ომიდან აღარ დაბრუნებულა, დედამისს ამ დრომდე ფსიქიკა აქვს დაზიანებული. 8 თვის ორსული იყო, სტრესის და ნერვიულობის გამო ნაადრევად დაიბადა მარიამი. ახლა მას შევციცინებთ მთელი ოჯახი.მამას რომ დაიფიცებს, ვიცით მის სიტყვას წყალი არ გაუვა, არც კი უნახავს და ძალიან უყვარს. ძალიან თბილი ბავშვია, მაგრამ უცხოებს არ ეკონტაქტება, ამიტომ გამიკვირდა ერთად რომ დაგინახეთ.

მივედი მარიამთან და მოვეხვიე, ცრემლები ვერ შევიკავე და ჩუმად ვუთხარი.

-ჩემო პატარავ, შენ ამაყი უნდა იყო, შენ…რადგან…-სიტყვები სადღაც გაქრა.

-ვიცი, მე ამაყი ვარ, რადგან მამაჩემი გმირია, მან სამშობლო არ დათმო…

მერე მისამართები და ნომრები გავცვალეთ. მარიამმა ბებოს  ხელი მოკიდა და ასე ხელჩაკიდებულებმა დატოვეს ეკლესიის ეზო.

მე კი ვიჯექი და კიდევ უფრო მეტად შემეზიზღა ყველა ის ადამიანი, ვინც ომს იწყებს. მომინდა მთელი ხმით მეყვირა-ომი ჭირია! განკვეთეთ აგრესორები!..ოკუპანტებო, პასუხს აგებთ მომავალი თაობის წინაშე!..