“მოკლულთა შორის ყველაზე უმცროსი 16 წლის მედროშე იყო…”

აფხაზეთის ომს შეწირული თბილისელი ვაჟკაცები…

როლანა ნიჟარაძე

შერიგებისა და ნდობის აღდგენის საკითხებში აფხაზეთის

ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მრჩეველი

ედუარდ შევარდნაძე _დაბადების ადგილი _მამათი
ჯაბა იოსელიანი_ დაბადების ადგილი_ ხაშური
თენგიზ სიგუა –დაბადების ადგილი –ლენტეხი
თენგიზ კიტოვანი _დაბადების ადგილი – სავარაუდოდ თბილისი.

ფხაზეთის მიმართულებით სამხედრო შენაერთების გადაადგილებაზე გადაწყვეტილების მიღება ზემოთ ჩამოთვლილ პერსონებს უკავშირდება და მათვე ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა იმ სავალალო შედეგებსა და ზიანზე, რაც ომმა საქართველოს მიაყენა. თუმცა დღევანდელი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რუსეთი აუცილებლად მოძებნიდა სხვა ხელსაყრელ პერიოდს აფხაზეთის მისატაცებლად…
ვერ გეტყვით, ასოცირდებიან თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებები თბილისელობასთან, რაინდობასა და დიდსულოვნებასთან. სხვისი არ ვიცი, ჩემთვის ნამდვილად არა.

1992 წლის 2 თებერვალს სამხედრო საბჭოს ბრძანებით სასტიკად დაარბიეს დიდუბის მეტროსთან მიმდინარე რამდენიმე ათასიანი მშვიდობიანი აქცია. მომიტინგეთა უმრავლესობას თბილისელები შეადგენდნენ. არაოფიციალური მონაცემებით იმ დღეს 23 ადამიანი მოკლეს. მოკლულთა შორის ყველაზე უმცროსი 16 წლის მედროშე მამუკა ტერაშვილი იყო.

თბილისელები ყველა ისტორიულ ეპოქაში განსაკუთრებული აქტიურობით არ ეპუებოდნენ უსამართლობასა და ისტორიისთვის დამახასიათებელ ავბედითობას.

უსაშველოდ გრძელია 1992–1993 წლებში აფხაზეთის ომს შეწირულ თბილისელ ვაჟკაცთა სია. ანთებული თვალებით იცავდნენ სამშობლოს საქართველოს სხვა ქალაქებისა და კუთხეების წარმომადგენლებთან ერთად…