გააჩუქე წიგნი და მიწერე წერილი ინკოგნიტო ადრესატს!..

„წიგნი ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში 26 ივლისს 12:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში  წიგნების შეგროვების აქცია მოეწყობა. „წიგნი ყველა სოფელს“ პროექტით შეგროვებული წიგნები ამჯერად სვანეთის ადგილობრივ ბიბლიოთეკებს გადაეცემა.

„მოსიარულე ბიბლიოთეკის“ სვანეთში გასაცილებლად ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, მოეწყობა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული, სვანეთში არსებული სოციალური საწარმოს სვანური ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. სტუმრების წინაშე სვანური მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით წარდგებიან ფოლკლორული ანსამბლები. მუზეუმში მოსულ სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ გააჩუქონ წიგნები მათთვის, ვისთვისაც ისინი ხელმიუწვდომელია და თან დაურთონ წერილები ინკოგნიტო ადრესატებისათვის და ასე გაიჩინონ წიგნის მეგობრები. скачанные файлы (1)

„წიგნი ყველა სოფელს“ – არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს, ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის“ ინიციატივით  ხორციელდება.  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, „ვისოლ ჯგუფის“, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L“-ის, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მარაგდება. შესაბამისად, პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წიგნების შეგროვების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით. სპეციალური ყუთები განთავსებულია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“, და “დანქინ დონატსის” რესტორნებში. ასევე, ყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

კომენტარის დატოვება