ყველა დროის მთავრობის ყველაზე დიდი სირცხვილი…

მიხეილ მუმლაძე
 „ჩვენი საქართველოს“ ლიდერი
პოლიციისა და იუსტიციის
ვიცე-პოლკოვნიკი

რა არის საქართველოს ყველა დროის მთავრობის ყველაზე დიდი სირცხვილი?

საქართველოს ყველა მთავრობას __ ჟორდანიას პერიოდში, კომუნისტურ წყობილებაში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, სიგუას უსაქმურობისა და დანგრევა-გაძარცვისას თუ დღესდღეობით გიორგი კვირიკაშვილის გაურკვევლობის ეპოქაში __

ბევრი არაფერი უკეთებიათ, მაგრამ ყველამ თითქოს პირი შეკრეს და არც მოიფიქრეს, არც სხვების მოფიქრებულს სცეს პატივი და მთელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ ქართველს, უდიდეს პოეტს და მოაზროვნეს შოთა რუსთაველს მუზეუმი არ აღირსეს!

მთელი ინგლისელი ხალხისთვის სირცხვილი არ იქნებოდა რომ უდიდეს ინგლისელ მწერალს და მოაზროვნეს უილიამ შექსპირს ინგლისში მუზეუმი არ ჰქონოდა? თანაც ინგლისში შექსპირის 6-7 მუზეუმი არსებობს! განა დიდი სირცხვილი არ იქნებოდა ესპანელებისათვის ბრწყინვალე „დონ კიხოტის“ ავტორის სერვანტესის მუზეუმი არ ჰქონდეთ? რუსებს პუშკინის და ტოლსტოის მუზეუმები რამდენიმე ქალაქში და მხარეში აქვთ!
აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას და უდიდესი სირცხვილი არაა, რომ საქართველოში ყველა დროის უდიდესი ქართველი პოეტის და მოაზროვნის მსოფლიოს კლასიკოსის შოთა რუსთაველის მუზეუმი არ არსებობს?
მე 2009 წლიდან ვაყენებდი საკითხს საქართველოს პირველი პირების წინაშე, რომ თბილისში თავისუფლების მოედანთან ახლოს ლეონიძის ქუჩაზე არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის სხვა ადგილზე გადატანისა და ამ ისტორიულ და ძალზე ლამაზ შენობაში შოთა რუსთაველის მუზეუმის გახსნის თაობაზე. თან ასევე ვწერდი, რომ 2016 წელს შოთა რუსთაველს უსრულდება დაბადებიდან 850 წლისთავი და იუბილის მომწყობი სამთავრობო კომისია ალბათ უკვე 2013 ან 2014 წლიდან დამტკიცდება და მრავალი ეროვნული ღონისძიება განხორციელდება ამასთან დაკავშირებით-თქო.

2011 წელს განცხადება გავაგზავნე სააკაშვილის სახელზე, ხოლო 2013 წლის აპრილში და სექტემბერში კულტურის მინისტრის І მოადგილისაგან ვინმე მარინა მიზანდარისაგან მივიღე წერილები /შენახული მაქვს/ სადაც მწერდა, რომ „თბილისში შოთა რუსთაველის მუზეუმის გახსნის იდეა მისასალემებელია, მაგრამ ამ საკითხის ამ ეტაპზე გადაწყვეტა დაკავშირებულია მთელ რიგ პრობლემებთან, კერძოდ არ არსებობს მუზეუმის გახსნისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სამუზეუმო მასალა და ფინანსური რესურსი.
არსებული რეალობის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება საკითხის შესწავლა და განხილვა მოხდეს ეტაპობრივად, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, რომელთა დასკვნა მოგვცემს საშუალებას მივიღოთ გადაწყვეტილება შემდგომი ქმედებისათვის.

დაეძახა ამ უსაქმურ და უცოდინარ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს ვინმე მიზანდარს თუნდაც გიორგი კალანდიასათვის, ბუბა კუდავასთვის, ტარიელ ფუტკარაძისათვის რომლებიც 4-5 დღეში შეუდგენდნენ მთელი მუშაობის სრულყოფილ გეგმას საკითხის გადასაწყვეტად და თან რამდენიმე ვარიანტს.
ასეთი „მიზანდარის“ დონის მინისტრები და მოადგილეები ჰყავს 30 წელია საქართველოს კულტურის სამინისტროს და რა თქმა უნდა სხვა სამინისტროებსაც.

იქნება დადგა დრო რომ დღევანდელი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ან თვითონ მოიფიქრებს ან რომელიმე მრჩეველმა ურჩიოს შოთა რუსთაველის მუზეუმის გახსნის აუცილებლობის შესახებ, თანაც ლეონიძის ქუჩაზე ყოფილი ბანკის შენობაში. ისე ძალზე საინტერესოა რომელმა „მრჩეველმა“ ურჩია პრემიერს რუსთაველის 850 წლისთავის იუბილე 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დრისადმი მიძღვნილი ზეიმის პარალელურად მომხდარიყო?

რატომ არ ურჩია კვირიკაშვილს უფრო „ჭკვიანმა მრჩეველმა“ შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილე 2016 წლის 31 დეკემბერსა და 2017 წლის 1 იანვარს აღენიშნათ?

შოთა რუსთაველის მუზეუმის გახსნასთან პარალელურად უნდა მომზადდეს და საქართველოში გაიხსნას თბილისში და ქუთაისში დავით აღმაშენებლის მუზეუმები, თამარ მეფის მუზეუმები თბილისში და ახალციხეში, საქართველოს „ოქროს ხანი“-ს მუზეუმები თბილისში, ბათუმში და ზუგდიდში.

რა თქმა უნდა ეს ბოლო წლებია /დაახლოებით 26-28 წელია/ კულტურის სამინისტრო ყველა ხელმძღვანელის პერიოდში უსაქმურობის ზენიტშია და იქნება ამ საკითხის მოგვარება ცოტათი გამოცოცხლებულ ტურიზმის დეპარტამენტს გადაეცეს შესასრულებლად?