„თანასწორობის მოძრაობის“ ორი წევრის დაკავებასთან დაკავშირებით, საია სავარაუდოდ პროკურატურას მიმართავს

დავით დოლიძე 

ბათუმში „თანასწორობის მოძრაობის“ წევრების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საია სავარაუდოდ პროკურატურას მიმართავს, – ამის შესახებ საია-ს იურისტმა ანა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც დაკავებულების უფლებებს იცავს. მან უკვე მოინახულა ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში.

„როგორც დაკავებულები ჰყვებიან, შემთხვევა ბულვარში კლუბ სოჰოსთან დილის 05:00 საათიდან 06:00 საათამდე მოხდა. ისინი იმყოფებოდნენ სამ ტრანსგენდერ პირთან ერთად და სწორედ ეს გახდა მათი გადმოცემით დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი. დაკავებულებს აშკარად აღენიშნებათ დაზიანებები. განსაკუთრებით, ლევან ბერიანიძეს. ისინი ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან მათ მიმართ განხორციელდა ძალადობა და ამ ფაქტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ მივმართავთ პროკურატურას“.

დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღესვე გაიმართება.

ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ ორი წევრი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ორგანიზაციის წევრები დაკავებულები არიან  წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით.