ქუთაისში წიწვოვანი ხეების მოჭრას აპროტესტებენ

დღეს ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მოსახლეობას ხუთი ხე დახვდა მოჭრილი. მათი ინფორმაციით, მრავალწლიანი წიწვოვანი ხეები ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევში დღეს დილით, გამთენიისას მოჭრეს.

მოსახლეობა აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს და ბრალს ადგილობრივ ხელისუფლებას სდებს. „მოჭრილია სრულიად ჯანსაღი ხეები, ამ ფაქტზე სასწრაფოდ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნუგზარ ესაკიამ.

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტერიტორია, სადაც ხეები მოიჭრა, კერძოა და შესაბამისად, ბრძანება ქალაქის მთავრობას არ გაუცია. თუმცა, რამდენად კანონიერად განხორციელდა ჭრა, ამ საკითხის მოკვლევას ადგილობრივ ხელისუფლებაშიც გეგმავენ.