ახალციხეში ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენი ჩაერთო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხეში, სოფელ სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე უკვე იმყოფებოდა ათეულობით მეხანძრე-მაშველი.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენი ჩაერთო.

შსს-ს მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ ხანძრის უმოკლეს დროში ლოკალიზებისთვის. ამ დროისთვის ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელება არ დაფიქსირებულა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ადგილზე რჩება საკმარისი ძალა იმისთვის, რომ მოხდეს იმ მცირე კერების, ტორფების დამუშავება, რომლებიც იწვის. მისივე თქმით, ცეცხლის გაღვივების და გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირშიც. ბორჯომის ხეობაში საგანგებო შტაბი განაგრძობს მუშაობას.