ოქიტაშვილი პროფკავშირების მსოფლიო ორგანიზაციას მიმართავს

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი დათო ოქიტაშვილი იქნება. 

არჩევნები სექტემბერში ჩატარდება, რაც შეეხება ყრილობას, 15-16 სექტემბერს არის დაგეგმილი.

„ჩემთვის ამ შემოთავაზებაზე გადაწყვეტილების მიღება იყო ძალიან რთული, მაგრამ შევდივარ ამ ბრძოლაში და გარწმუნებთ, რომ პეტრიაშვილს დავამარცხებ არჩევნების გზით და არა იმ მეთოდით, როგორც თავად მოვიდა თავმჯდომარედ. ახლა რომ გამოდის და რაღაც განცხადებებს აკეთებს, იმის მართული, ამის მართული, სირცხვილია, გაიხსენოს თავისი წარსული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ მეთოდებით ბრძოლას, რა მეთოდითაც ის გახდა პროფკავშირების თავმჯდომარე 12 წლის წინ.  ვიცი, რომ კიდევ არიან მსურველები და ყველა კანდიდატს და პეტრიაშვილსაც თანასწორ ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ” – აღნიშნა ოქიტაშვილმა.

ოქიტაშვილის ინფორმაციით, თავმჯდომარეობა ირაკლი პეტრიაშვილს ისევ სურს.

ოქიტაშვილი პროფკავშირების მსოფლიო ორგანიზაციას ღია წერილით მიმართავს და ამბობს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს.

-„ამ უმართავ და ხელოვნურად არეულ სიტუაციში ვფიქრობ გამოსავალი უნდა გამოინახოს!
საჯაროდ და ასევე ოფიციალური წერილით მივმართავ პროფკავშირების მსოფლიო ორგანიზაციას, სასწრაფოდ მოავლინონ მონიტორინგის ჯგუფი სიტუაციის შესასწავლად, ასევე მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს დაუყონებლივ მოხდეს ორგანიზაციის ფინანსური შემოწმება, რადგან ამ ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ქონება და ფინანსური ბრუნვა კონტროლს არ ექვემდებარება, მოხდეს ნებისმიერი ფაქტის და შედეგის გასაჯაროვება, რადგან საზოგადოება იყოს ინფორმირებული!

რაც შეეხება პროფკავშირების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს, თითოეული ზეწოლის ფაქტი მათი მისამართით რასაც ბატონი პეტრიაშვილი ახორციელებს მოახდინონ სამართლებრივი რეაგირება და გაასაჯაროვონ ყველა ფაქტი. ჩვენ ერთად უნდა მოვახდინოთ ამ დემოკრატიული ინსტიტუტის სამართლებრივ და ობიექტურ ჩარჩოებში დაბრუნება, რამეთუ შევძლოთ დასაქმებულთა რეალურ პრობლემებზე სახელმწიფოსთან აზრთა შეჯერება და პრობლემების გადაწყვეტა!“-ნათქვამია მიმართვაში.