საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა გამკაცრდება

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პროცედურა გამკაცრდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაიზარდა საქართველოს მოქალაქეობის მსურველთა რაოდენობა, სწორედ ამიტომ,  პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ სასურველია, პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს და საზოგადოების მეტი ჩართულობაც იქნას უზრუნველყოფილი.

„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეიდან, პირველი სექტემბრიდან, კიდევ უფრო მეტად იხვეწება მიდგომები საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი თვლის, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების წევრების ჩართულობა მოქალაქეობის მინიჭების პროცესში. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, დღეიდან მე ვიწყებ კონსულტაციებს შესაბამის უწყებებთან, იუსტიციის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან,“ – აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

მისი განმარტებით, მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მიღებისთვის პრეზიდენტთან ოთხკაციანი კომისია მუშაობს, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები შედიან. პრეზიდენტის ინიციატივით, აღნიშნული კომისია უნდა გაფართოვდეს.