“ციანიდის საქმე-ყველა გახვეულია ტყუილის აბლაბუდაში, არავინ იცის როგორ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან”

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ აკითხზე სასაუბროდ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, სოსო მანჯავიძეს დავუკავშირდით.

-როგორ შეაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას დეკანოზი გიორგი მამალაძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით და ფიქრობთ თუ არა, რომ განაჩენი წინასწარ იყო გამოტანილი, ხომ არ დაგრჩათ შთაბეჭდილება, რომ განაჩენზე გარე ძალებმა მოახდინეს ზეგავლება და საერთოდ, როგორ შეაფასებთ მთელ პროცესს?

-პირველი, რაც მინდა ვთქვა. მითები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ზოგადად და კერძოდ საქართველოში ძალიან არასერიოზულია.

ეს საქმე შეიცავდა ინფორმაციებს,რომლებსაც შეეძლო გამოეწვია დიდი მღელვარება,რაც გამოიწვევდა დარტყმას იმ ღირებულებათა სისტემაზე,რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ძვირფასია. ხოლო,როდესაც საზოგადოების ერთ ნაწილში უმთავრესი ღირებულებები სწრაფად და ძირეულად იცვლება,ხოლო მეორე ნაწილი ან არ იღებს ცვლილებებს, ან საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს, იწყება სამოქალაქო დაპირისპირება..

ეს ხომ არ იყო მიზეზი სხდომის დახურვის?

-ბუნებრივია,ასეთი საფრთხეები გათვალისწინებულ უნდა იქნას და ამიტომაც დაიხურა სხდომები.

რაც შეეხება დეკანოზის დამცველებს,მათ კარგად იციან თუ რატომ არ გასაჯაროვდა სრულად ამ საქმის დეტალები და კრივის ენით რომ ვისაუბროთ,ქამარს ქვემოთ ურტყამენ პროკურატურასა და სასამართლოს.

მეორე საკითხია, რამდენად პროფესიონალურად იცავს თავს ბრალდების მხარე მისთვის ასეთ არაორდინალურ სიტუაციაში.

საინტერესოა ისიც, რომ დაცვის მხარეს არ გაუცვლია არგუმენტები ბრალდების მხარისათვის იმ აბსურდული მოტივით,რომ აზრი არა აქვს. მაგალითად, დაცვის მხარის რეკომენდაციით დეკანოზმა აღიარა იარაღის უკანონო ფლობა, ეს ნათლად ადასტურებს,რომ დაცვის მხარე ბრალდებულის არსებითი დაცვის მაგივრად პიარითაა დაკავებული,რაც მის პოლიტიკურ ანგაჟირებულობას ადსტურებს.

-არის თუ არა ეს საქმე ზიანის მომტანი ეკლესიისთვის?

უნდა ვთქვა ასევე,რომ საქმე გაცილებით ნაკლები ზიანისმომტანი იქნებოდა ეკლესიისა და ქვეყნისათვის,თავიდანვე რომ სიმართლე თქმულიყო.

სწორედ,საქმის დეტალების გახმაურების შიშმა შესძინა მას ასეთი რეზონანსი. ახლა უკვე ყველა გახვეულია ტყუილის აბლაბუდაში. არავინ იცის როგორ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან.

1962 წელს, დონ ვიტო ჯენოვეზეს კლანის წევრმა, ჯო ვალაჩიმ ჩვენება მისცა თავისი ბოსის და ზოგადად, მაფიის წინააღმდეგ,რომელსაც “კოზა ნოსტრა” (სიცილიურად “ჩვენი საქმე”)ერქვა. ამერიკელები დაზაფრულები იყვნენ იმით,რომ მათ ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არსებობდა განშტოებული დანაშაულებრივი სტრუქტურა,რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. ამ საოცარ კონსპირაციას “კოზა ნოსტრამ” მკაცრი იერარქიულობით, დუმილის აღთქმით(ომერტა) და ყველა წევრის სისხლიან დანაშაულში აუცილებელი ჩართვით მიაღწია,რაც წინა ორის შედეგს და საყრდენს წარმოადგენდა. ნებისმიერი მკაცრად სტრუქტურიზებული,იერარქიული ორგანიზაცია შეიძლება გარდაიქმნას დანაშაულებრივ,მხოლოდ საკუთარი კორპორატიული ინტერესების მსახურად და მივა სისხლიან დანაშაულამდე,თუ მისი წევრები კორპორატიული გაუთქმელობის აღთქმისა და ამ კორპორაციის ერთიანობის მოტივით თავისი წევრების დანაშაულებებს მალავენ. მიუხედავად იმისა,როგორია ორგანიზაციის დეკლარირებული იდეალები. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო კათოლიკური ეკლესია რეფორმაციის წინ.

დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქოში გაითვალისწინებენ იმას,რომ უამრავი ქართველი მორწმუნე, პატიოსანი მღვდელ-მონაზონი მათ დიდი გულისტკივილითა და სასოებით შესცქერის,რომ მათ უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ ჩვენი ერის ისტორიის წინაშე და იმოქმედებენ ისე,როგორც მაცხოვარმა ბრძანა:

“უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა”.

ეს პოზიცია მე 1 მარტს გამოვხატე. დღესაც იგივეს ვიმეორებ.