შინდისის გმირებზე ფილმს გადაიღებენ

12 სექტემბერს შინდისის გმირებზე ფილმის გადაღება დაიწყება. მთავარ როლს ცნობილი ქართველი მსახიობები გოგა პიპინაშვილი და დავით ბახტაძე შეასრულებენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

პროექტის ავტორისა და პროდიუსერის ედმონდ მინაშვილის განმარტებით, მერაბ ნინიძე და ია სუხიტაშვილი ფილმში მონაწილეობას არ მიიღებენ. ცნობილი გახდა ისიც, რომ შეთანხმება ამერიკელ მსახიობ ჯონ მალკოვიჩთან ვერ შედგა. შერჩეულია კინოსურათის მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები.

ქართული სრულმეტრაჟიანი ნამუშევრისთვის გადასაღებ ლოკაციებად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი გამარჯვება და ქალაქი გორი შეირჩა.

“შინდისს“ რეჟისორი დიტო ცინცაძე გადაიღებს. სცენარის ავტორი ირაკლი სოლომონაშვილია.

შინდისის გმირებზე ფილმის გადაღებას მთავრობა სარეზერვო ფონდიდან დააფინანსებს.