უკრაინელი დეპუტატის ცნობით, კიევში მოკლული ალი ტიმაევი სირიაში, ასადის ძალების წინააღმდეგ იბრძოდა

კიევში, დანაღმული ავტომობილის აფეთქებისას დაღუპული ალი ტიმაევი, იგივე თემურ მახაური სირიაში, პრეზიდენტ ასადის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იბრძოდა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რადიკალური პარტიის წევრი, დეპუტატი დმიტრი ლინკო ავრცელებს.

„თემური სირიაში ასადის წინააღმდეგ იბრძოდა და ბრძოლაში დაიჭრა. 2009 წელს კადიროვის ხალხმა თბილისში მისი მოკვლა სცადა, თუმცა არ გამოუვიდათ. დღეს ის როგორც მებრძოლი, ისე დაიღუპა“ – წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.

დმიტრი ლინკო ასევე აქვეყნებს ფოტოსურათს, სადაც თემურ მახაურს უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის აჯილდოებენ.

კიევში დანაღმული ავტომობილი 8 სექტემბერს აფეთქდა. შედეგად, საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი, ალი ტიმაევი დაიღუპა, რომელიც თემურ მახაურისა და რუსლან პაპასქირის სახელითაც იყო ცნობილი.