რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი“ საქართველოში შემოსვლას გეგმავს

ტაქსის ონლაინ–გამოძახების ქართულ ბაზარზე წელს უმსხვილესი რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი“ გეგმავს შემოსვლას. კომპანია საქართველოსთან ერთად ოპერირების დაწყებას ბალტიისპირეთისა და ყაზახეთის ბაზრებზე აპირებს. ამის შესახებ „იანდექს ტაქსის“ გენერალურმა დირექტორმა ტიგრან ხუდავერდიანმა გაზეთ „ვედომისტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გაზაფხულზე კომპანია ავამოქმედეთ მინსკში, ივლისში კი სომხეთში, მუშავდება ყაზახეთში, საქართველოსა და ბალტიისპირეთში – რიგასა და ტალინში შესვლის გეგმები,“ – განაცხადა ხუდავერდიანმა.

ამასთან, „იანდექს ტაქსის“ გეგმებშია, ტარიფიკაცია მთლიანად კომბინირებულ სისტემაზე გადაიყვანოს, როდესაც მგზავრი იხდის როგორც წუთების, ისე კილომეტრების მიხედვით (მაგალითად, კილომეტრების მიხედვით იხდის მოძრაობისას, საცობში დგომისას კი – წუთების მიხედვით). ამ ეტაპზე ტარიფების ნაწილი მთლიანადაა მიბმული მგზავრობის დროზე. ამასთან, აპრილში კომპანიამ შემოიღო დინამიური ფასწარმოქმნა, რის შედეგადაც პარტნიორებისგან 0–დან 17,7%–იან საკომისიოს იღებს მგზავრობის საბოლოო ღირებულების მიხედვით.

ხუდავერდიანის ინფორმაციით, „იანდექს ტაქსი“ არ გამორიცხავს ტაქსის აგრეგაციის სხვა კომპანიების შეძენასაც, თუმცა ეს ახლო პერსპექტივაში არ მოხდება. „ჯერჯერობით ჩვენ გავდივართ იმ ქვეყნებში, სადაც არ არსებობენ ასეთი მოთამაშეები ან ზედმეტად პატარები ან დიდები არიან. თუმცა ისინი იყენებენ ოდნავ განსხვავებულ ბიზნეს–მოდელს, ჩვენ კი პრინციპულად არ ვმუშაობთ პირდაპირ მძღოლებთან და მხოლოდ ავტოპარკებთან ვთანამშრომლობთ,“ – განაცხადა „იანდექს ტაქსის“ ხელმძღვანელმა.

წყარო: commersant.ge

კომენტარის დატოვება