პოლიტიკური პარტიების შემომწირველების შესახებ ახალი ვებპორტალი შეიქმნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საკუთარ ვებგვერდზე აამოქმედა ახალი ვებპორტალი, რომელზეც თავმოყრილია ინფორმაცია 2012 წლიდან პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების შესახებ.

ამ პორტალის საშუალებით გამომძიებელ ჟურნალისტებს, მკვლევარებს, აქტიურ მოქალაქეებსა და ქართული პარტიების დაფინანსებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს საშუალება ექნებათ  მოიძიონ და გააანალიზონ შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • რა რაოდენობის დაფინანსება მიიღო ამა თუ იმ პოლიტიკურმა პარტიამ;

  • ვინ არიან პოლიტიკური პარტიების დონორები;

  • ფლობენ თუ არა პოლიტიკური პარტიების შემომწირველები ბიზნეს კომპანიებს;

  • მოუგიათ თუ არა პოლიტიკური პარტიების შემომწირველების კომპანიებს სახელმწიფო ტენდერები.

აღნიშნული მონაცემების ანალიზის შედეგად შეიძლება დადგინდეს:

  • გაუფორმა თუ არა სახელმწიფოს რომელიმე სამსახურმა კონტრაქტი კომპანიას პოლიტიკური პარტიის სასასრგებლოდ შემოწირულობის სანაცვლოდ;

  • ხდება თუ არა სხვა ფიზიკური პირების მეშვეობით პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ კოორდინირებულად შემოწირულობის განხორციელება.

პორტალზე ინფორმაციის მოძიება ხდება შემომწირველის პერსონალური მონაცემების ან პოლიტიკური პარტიების/საარჩევნო სუბიექტების დასახელების მიხედვით. გარდა ამისა, შესაძლებელია სრული ინფორმაციის ერთი დოკუმენტის სახით გადმოწერა, ასევე, მონაცემების დახარისხება სხვადასხვა კრიტერიუმით.

პლატფორმა განკუთვნილია გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის, მკვლევარებისთვის, აქტიური მოქალაქეებისა და ქართული პარტიების დაფინანსებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

ვებპლატფორმის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს”, USAID-ის მეშვეობით

კომენტარის დატოვება