2 თვეში „ოცნებას“ 7 მილიონ ლარზე მეტი, „ევროპულ საქართველოს“ – 323 675 ლარი შესწირეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველების გამოკითხვას დღეიდან იწყებს. პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, გამოკითხვაზე 14 შემომწირველია დაბარებული.

„კითხვები გვაქვს 14 პირის მიმართ და მათ ვთხოვთ კვირის განმავლობაში გამოკითხვაზე გამოცხადდნენ, რათა წარმოადგინონ დამატებითი ინფორმაცია და არგუმენტაცია შემოსავლების წყაროებისა და მოტივაციების შესახებ“, – ამბობს აზნაურაშვილი.

მისივე თქმით, თუ სამართალდარღვევა დადგინდება, შემომწირველები შემოწირული თანხის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან, ხოლო პარტიებს ვალდებულება დაეკისრებათ, შემოწირული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხონ. 

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულ ოცნებას“ 7 მილიონ ლარზე მეტი, „ევროპულ საქართველოს“ – 323 675 ლარი, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას” – 5 432 ლარი შესწირეს. მთლიანობაში, აღნიშნულ პერიოდში პარტიებს შემოწირულობის სახით მიღებული აქვთ 7 26.993 ლარი.