დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ”პრეზიდენტის” ევროპარლამენტში გამოსვლის ორგანიზება იგეგმება

იტალიელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ჯულიეტო კიეზა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ”პრეზიდენტის” ევროპარლამენტში გამოსვლის ორგანიზებას გეგმავს. ამის შესახებ მან ”სპუტნიკ-ოსეტიას” განუცხადა.

ცხინვალში კიეზა იტალიურ დელეგაციასთან ერთად იტალიის ქალაქ ამატრიჩეში გასულ წელს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოსთან დაკავშირებით ჩავიდა.

ამასთან, კიეზამ აღნიშნა, რომ შეეცდება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ”პრეზიდენტი” ბრიუსელში დაპატიჟოს, რათა ის ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდეს და ევროდეპუტატებს ”რესპუბლიკის”, მისი ისტორიისა და ხალხის შესახებ უამბოს.

”უახლოეს თვეებში ჩემი მიზნის განხორციელება რთული იქნება. ეს იქნება ფუნდამენტური მოვლენა, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდ სკანდალს გამოიწვევს. რამდენიმე დეპუტატი მზად არის მხარი დაგვიჭიროს. ევროპარლამენტის კერძო დეპუტატს აქვს უფლება სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმოს, ამიტომ ჩვენ შევაგროვებთ დეპუტატთა ჯგუფს, რომლებიც პრეზიდენტს ან საგარეო საქმეთა მინისტრს დაპატიჟებენ. მე ძალიან გამიხარდება, თუ ჩვეს ეს გამოგვივა”, – განაცხადა ევროპარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე იტალიაში “სამხრეთ ოსეთის” კულტურის სფეროს წარმომადგენლების ვიზიტები და რამდენიმე პოლიტიკური ღონისძიება, მათ შორის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გაიმართება – აღნიშნა კიეზამ.