ჩვენ გვექნება კონსტიტუცია…ველოდებით მეორე საბოლოო მოსაზრებას ვენეციის კომისიისგან

„ჩვენი მიზანი იყო საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების პრინციპებთან და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ და საქართველოს პარლამენტმა მოახერხა ამ მიზნის მიღწევა. ეს არის ისტორიული მიღწევა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მე-5 შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. მისი განაცხადებით,  საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო და მმართველი გუნდი ამ დაპირების შესაბამისად მოქმედებს.

„პროცესი გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც საქართველოს პარლამენტში  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა. გადავწყვიტეთ, რომ შედეგის მისაღწევად, პროცესი უნდა ყოფილიყო ძალიან მაღალი მონაწილეობის და ჩართულობის საფუძველზე. ამიტომაც შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 2016 წლის დეკემბერში. ეს იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება, რომ გაუმჯობესებულიყო კონსტიტუცია. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც მმართველმა პარტიამ მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა  და ჩვენ ვმოქმედებთ ამ დანაპირების შესაბამისად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, კომისიის 73 წევრიდან, მუშაობის პროცესში ყველა აქტიურად იყო ჩართული გამონაკლისის – პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია აქტიურად თანამშრომლობდა ვენეციის კომისიასთან.

„ ჩვენ გავაკეთეთ ძალიან უნიკალური განაცხადი –  საქართველოს პარლამენტი არ მიიღებდა არცერთ ნორმას, რომელსაც უარყოფითად შეაფასებდა ვენეციის კომისია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ამ დაპირებას და არ ვაპირებთ მივიღოთ არცერთი ნორმა, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან ნეგატიურ შეფასებას მიიღებს. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა ვენეციის კომისიასთან და კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამუშაო პროცესის დასასრულს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მაღალი ხარისხის პროდუქტი მიიღო. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად ოპოზიციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვა. პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კრიტიკის მიზეზი ორი საკითხი – საპარლამენტო არჩევნების სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესი იყო.

„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი არის საპარლამენტო მმართველობის სისტემის დახვეწისკენ მიმართული დოკუმენტი პროპორციული საარჩევნო სისტემით. ეს იყო კომისიის მიერ მომზადებული პროდუქტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ გადაწყვიტა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დაეტოვებინა. კრიტიკის მთავარი საგანი ორი საკითხი იყო: საპარლამენტო არჩევნების სისტემა სამი მთავარი ასპექტით – 5 პროცენტიანი ბარიერის დაწესება  პოლიტიკური პარტიებისთვის,  რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში მიღებული პრაქტიკაა; ერთ-ერთი საკამათო საკითხი იყო ბონუსი. დასაწყისშივე, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ არ მივიღებდით არცერთ ნორმას, რომელსაც ნეგატიურად შეაფასებდა ვენეციის კომისია. მკაფიოდ ითქვა, რომ თუ ვენეციის კომისია ბონუსის სისტემას უარყოფითად შეაფასებდა, საქართველოს პარლამენტი ამ ნორმას არ მიიღებდა. საბოლოო ჯამში, შეთავაზება იყო ცალსახა – პროპორციული სისტემა, ხუთპროცენტიანი ბარიერით პოლიტიკური პარტიებისთვის, რაც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. ეს იყო  საკამათო საკითხი იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არსებითად ვცვლით საარჩევნო სისტემას მმართველი პარტიის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

კიდევ ერთი საკამათო საკითხი იყო საპრეზიდენტო არჩევნები. როგორც იცით, ჩვენ გადავდივართ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესიდან არაპირდაპირი არჩევნის წესზე. ეს ცვლილება ძალიან პოზიტიურად შეფასდა ვენეციის კომისიის მხრიდან. ამ ცვლილების მთავარი მიზეზია პრეზიდენტის არჩევის წესის შესაბამისობაში მოყვანა პრეზიდენტის ზოგად ფუნქციებსა და კომპეტენციებთან. ამჟამად არსებობს დიდი დისპროპორცია ლეგიტიმაციასა და ფუნქციებს შორის. ეს პრაქტიკაში პრობლემებს ქმნის. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა, თავიდან აგვერიდებინა ეს პრობლემები, ეს გამოწვევები და ამიტომ ვცვლით პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს არაპირდაპირი არჩევის წესით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვენეციის კომისიის შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიურია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლა არა მომდევნო, არამედ 2024 წელს მოხდება.

„ ჩვენ გადავდივართ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე არა მომდევნო წელს – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს რომ მომდევნო წელს მომხდარიყო, ამ შემთხვევაში იტყოდნენ, რომ ეს მმართველი პარტიის სუბიექტური ინტერესია. მაგრამ ჩვენ გადავდივართ არაპირდაპირი არჩევის წესზე მხოლოდ 2024 წელს, შვიდი წლის შემდეგ. ასე რომ, ვერავინ იტყვის, რომ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას სუბიექტური ინტერესები აქვს.

ჩვენ გვსურს ჩამოვაყალიბოთ ძალიან მკაფიო საპარლამენტო სისტემა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობით. ეს იყო მიზეზი და კიდევ ერთხელ, ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური დოკუმენტი, ძალიან პოზიტიური ცვლილებებით, მაგრამ ამის მიუხედავად, ოპოზიციამ გადაწყვიტა დაეტოვებინა კომისია და პრეზიდენტმაც გადაწყვიტა, პროცესისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა კონსტიტუციური კანონის პროექტის შინაარსზეც და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ცვლილება ძლიერ პარლამენტს ეხება.

საბოლოო ჯამში, ვენეციის კომისიის მხრიდან ძალიან პოზიტიური შეფასება გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიისგან საბოლოო შეფასება მიღებული გვაქვს, ჩვენ მათ ვთხოვეთ, კიდევ ერთი მოსაზრება მოგვაწოდონ პროცესის დასასრულს, რათა გვქონდეს მოსაზრებები უკვე მიღებულ დოკუმენტზე. ახლა ველოდებით მეორე საბოლოო მოსაზრებას ვენეციის კომისიისგან. ის საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას ამ კვირის პარასკევს გამოეგზავნება და ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე 6 ოქტომბერს იქნება მიღებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტი მიიღებს ისეთ კონსტიტუციას, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპული კონსტიტუციონალიზმის საუკეთესო პრაქტიკასთან.