ინდოეთიდან ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს 23 სექტემბერს ჩამოაბრძანებენ

24 სექტემბერს ნაწილებს სამების ტაძარში მიაბრძანებენ, ხოლო 25 სექტემბერს სიწმინდეებს კახეთში გადააბრძანებენ.

ინდოეთიდან ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების 23 სექტემბერს 19:00 საათზე ჩამოაბრძანებენ, – ამის შესახებ განცხადება სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა გააკეთა.

“ასეთი ტანჯული და თავდადებული დედოფალი, მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია და მას ღირსეულად უნდა შევეგებოთ. თბილისის აეროპორტიდან სიწმინდე გადაბრძანდება მუზეუმში, რათა პროცედურები იქნას დაცული. კვირას, 24 სექტემბერს წირვის დროს მობრძანდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც გადახდილი იქნება პარაკლისი. ხალხს, კი საშუალება ექნება წმინდა ნაწილს ემთხვიოს. ორშაბათს, 25 სექტემბერს სიწმინდეს გადააბრძანებენ კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე იქ სცენ თაყვანი. შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის”, – განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა.