საქართველოში საშუალოდ 72 წელს ცოცხლობენ. ეს ცოტაა თუ ბევრი?

საქსტატის  მონაცემებით, საქართველოში ადამიანის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას, 2016 წლის მონაცემების თანახმად, 72.7 წელია. 2017 წელი ჯერ დათვლილი არ არის.

“სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას” რას ნიშნავს?

ეს არის წლების რაოდენობა, რამდენ ხანსაც, საშუალოდ, იცოცხლებს ერთი ადამიანი დაბადებულთა ჰიპოთეტური თაობიდან, იმ პირობით, რომ ამ თაობის მთელი სიცოცხლის განმავლობაში სიკვდილიანობის დონე დარჩება ისეთივე, როგორიც იმ პერიოდში, რომლისთვისაც მაჩვენებელი გამოთვალეს. ამ მაჩვენებელს ხშირად სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასაც უწოდებენ.

72.7 წელი – ეს ცოტაა თუ ბევრი?

თანამედროვე პარამეტრებით 72.7 წელი – საშუალო მსოფლიო მაჩვენებელია. გაეროს მოსახლეობის ფონდის ბოლო პროგნოზით, დაბადებისას ადამიანის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2017 წელს მსოფლიოში – 71.9 წელი იქნება.

2017 წელი საქართველოში ჯერ დათვლილი არ არის. მაგრამ ბოლო ათი წლის მონაცემების თანახმად, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიო სტანდარტს შეესაბამებოდა, მეტიც 2007 წელს ის 75.1 წელი იყო, 2013 წელს კი 75.2, მაგრამ მას შემდეგ ეს მაჩვენებელი შემცირდა და 2016 წლის მონაცემების თანახმად, 72.7 წელია.

მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გასული საუკუნის შუა წლებიდან (47 წელი) სტაბილურად  იზრდება და 2015 წლისთვის 71 წელს მიაღწია. 1990-იან წლებში, როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე (მათ შორის საქართველოშიც), ასევე იმ აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებშიც, რომელიც სოციალისტურ ბლოკში შედიოდა, სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი წარსულთან შედარებით შემცირდა.

დღემდე ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ მოლდოვას, რუსეთს და უკრაინას – დაახლოებით 70-71 წელი, როდესაც მთლიანობაში ევროპის საშუალო მაჩვენებელი – 77,2 წელია.

რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ საქართველოსთან შედარებით დიდხანს ან ცოტახანს?

მსოფლიოს მოსახლეობის 58% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წელი და მეტია, მათ შორის 9% – იმ 32 ქვეყანაში, სადაც ადამიანები საშუალოდ 80 წელზე მეტს ცოცხლობენ. მიუხედავად სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის მდგრადი ტენდენციისა, ქვეყნებს შორის სხვაობები ძალიან დიდია.

ზოგიერთ ქვეყანაში, მაჩვენებელმა 82 წელსაც გადააჭარბა. ეს ქვეყნებია: ავსტრალია, ჰონგ-კონგი და მაკაო, ჩინეთის ცალკეული ავტონომიური რეგიონები, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, სინგაპური, შვეიცარია და იაპონია. ადამიანები 55 წელზე მეტს ვერ ცოცხლობენ კოტ-დივუარში, ლესოტოში, ნიგერიაში, სვაზილენდში, სიერა-ლეონეში, სომალიში, ჩადიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

რა ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ყველაზე მეტ გავლენას?

ყველაფერი, რაც აისახება ადამიანების ჯანმრთელობასა და სიკვდილიანობის დონეზე. ესენია: ბუნებრივი, კლიმატური, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, ასევე ინდივიდუალურ და ჯგუფურ ქცევებში უპირატესი სტერეოტიპების თავისებურებები.

სხვადასხვა ფაქტორების მნიშვნელობა შეიძლება იცვლებოდეს. მასშტაბურმა ბუნებრივმა ან სოციალურმა კატაკლიზმებმა შეიძლება სიკვდილიანობის მაჩვენებელი სერიოზულად გაზარდოს, მაგრამ ცხოვრების ნორმალური მიმდინარეობისას გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი, მათ შორის საცხოვრებელი პირობების და სამედიცინო მომსახურების ხარისხი. არანაკლები მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ქცევას, მათი მხრიდან ჯანსაღი ცხოვრების წესების დაცვას და მავნე ჩვევებზე უარის თქმას.

იმ ფაქტორების როლი, რომელიც მთლიანობაში გავლენას ახდენს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, დამოკიდებულია ასევე ისტორიულად ჩამოყალიბებულ სიკვდილიანობის ტიპზე. დაბალი მაჩვენებლის ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა წარმატებით შესაძლებელია მხოლოდ ბავშვების და ახლშობილების სიკვდილიანობის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯებით. ესენია: საბავშვო ინფექციების პროფილაქტიკა სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებებით, სანიტარული თვალასაზრისით შესაფერისი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა, სიღატაკესთან და შიმშილთან ბრძოლა და სხვ.

თუ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა შედარებით მაღალია, მისი კიდევ უფრო გაზრდა მომავალში მხოლოდ იმით შეიძლება, თუ უფროსი ასაკის ადამიანების სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდება. ამ დროს პირველი რიგის ამოცანებია პროფილაქტიკა, ასაკთან ერთად დაგროვილი ქრონიკული დაავდებებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მკურნალობა. ამ ასაკობრივ ჯგუფებში ყველაზე მასობრივად გავრცელებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ავთვისებიანი წარმონაქმნები. ამ მიზეზებით სიკვდილიანობასთან ბრძოლის საქმეში, გარდა მედიცინის და ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესების დამკვიდრება.

ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ თუ კაცები?

ქვეყნების უმრავლესობაში სიცოცხლის ხანგრძლივობა ქალებში უფრო მაღალია, ვიდრე კაცებში, მაგრამ სხვაობა იშვიათად აჭარბებს შვიდ-რვა წელს. საქართველოში, ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კაცებისას მნიშვნელოვნად აჭარბებს ანუ კაცების სიკვდილიანობა საგრძნობლად მაღალია.

საქსტატის 2015 წლის მონაცემებით, ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77.2 წელი იყო, ხოლო კაცის – 68.6 წელი. ბოლო წლების განმავლობაში ორივეს მაჩვენებლები შემცირებულია. მაგალითად, 2011 წელს ქალის სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი 78.6 წელი, ხოლო კაცის – 70.2 წელი იყო. 2016 და 2017 წლების სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ვინ უფრო დიდხანს ცოცხლობს – ქალაქის თუ სოფლის მცხოვრები?

ზოგადად, ქალაქის მცხოვრებთა სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი ორი წლით მეტია სოფლის მცხოვრებლების მაჩვენებელზე, თუმცა საქსტატს ეს მონაცემები საქართველოში დათვლილი არ აქვს.

არსებობს კიდევ ერთი ტენდენცია. ბევრი კვლევის თანახმად, მოსახლეობის უფრო განათლებულ ჯგუფებში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა უფრო მაღალია, ვიდრე განათლების დაბალი დონის მქონე მოსახლეობაში, მაგრამ ასეთ მონაცემებს რეგულარულად არ სწავლობენ.

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მომავალში გაიზრდება?

დიახ, გაიზრდება, მაგრამ არა მკვეთრად. ისტორიული გამოცდილების თანახმად, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეიძლება არამხოლოდ გაიზარდოს, არამედ შემცირდეს კიდეც. თუმცა მოსახლეობასთან დაკავშირებულ პროგნოზებში, ჩვეულებრივ, გათვალისწინებულია ხოლმე ოპტიმისტური, მეტნაკლებად რეალური ჰიპოთეზები სიკვდილიანობასთან დაკავშირებით.

გაეროს პროგნოზებით, საუკუნის შუა წლებისთვის, სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა მთლიანად მსოფლიოში 77.6 წლამდე გაიზრდება, ხოლო საუკუნის დასასრულისთვის – 82.6 წლამდე.

იმ ქვეყნებშიც კი სადაც ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, 21-ე საუკუნის ბოლოსთვის გაეროს სპეციალისტები სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდას 93-94 წლამდე ვარაუდობენ.

ბევრი მეცნიერის აზრით, 120 წელი  ადამიანის სიცოცხლის ერთგვარი ბიოლოგიური ზღვარია. კაცობრიობის ცალკეული წარმომადგენლები ამ ზღვრამდე აღწევენ, და ზოგჯერ მეტსაც ცოცხლობენ, მაგრამ მთლიანად მოსახლეობისთვის საშუალოდ ამ მაჩვენებლის მიღწევა  ნაკლებად სავარაუდოა, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში.

 

წყარო: იმედინიუსი