აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უარყოფს, რომ გადადგომას აპირებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უარყოფს, რომ გადადგომას აპირებს. რექს ტილერსონმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკულმა ტელეკომპანია NBC-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მდივანმა პრეზიდენტს “ჭკუასუსტი” უწოდა.

„არასდროს მომსვლია თავში თანამდებობიდან წასვლა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დავინიშნე და არ ვაპირებ გადადგომას, ვიდრე პრეზიდენტი თვლის, რომ მე მის მიერ დასახული ამოცანების შესასრულებლად სასარგებლო ვარ”, – განაცხადა ტილერსონმა.

ამის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა “ტვიტერით” გაავრცელა განცხადება, რომელშიც დონალდ ტრამპს აქებს.
მიუხედავად ამისა NBC-ის ჟურნალისტები კვლავ ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო მდივანმა პრეზიდენტს ეროვნული უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსნის თანდასწრებით “ჭკუასუსტი” უწოდა და პრეზიდენტმა ამის შესახებ შეიტყო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წევრების დაძაბული ურთიერთობების შესახებ ცნობები მედიაში გავრცელდა. პრეზიდენტი ხშირად ღიად აკრიტიკებდა თავისი კაბინეტის წევრებს.

ტრამპსა და ტილერსონს შორის ბოლო ინციდენტი გასულ კვირას მოხდა, როდესაც ჩინეთში მყოფმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ი ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებს მართავს. ამას მოჰყვა ტრამპის განცხადება “ტვიტერში”, რომელშიც პრეზიდენტმა ფხენიანთან დიალოგს დროის ფუჭად ხარჯვა უწოდა და ტილერსონს ენერგიის დაზოგვა ურჩია.