„საქართველოს საპატრიარქო ლატენტურად უპირისპირდება ხელისუფლების საგარეო კურსს!..“

გიორგი ტიგინაშვილი

ივრისპირელი

-ვინც მოისმინეთ მიტროპოლიტების: გერასიმე (შარაშენიძე), ანდრია (გვაზავა), საბა (გიგიბერია) – დიალოგი და “დისპუტი” პატრიარქ ილიასთან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მედიით (კონფიდენციალური წყაროს მეშვეობით) გავრცელდა, მსოფლიო კრებაზე წასვლის რეალური მიზეზიც ხომ დაინახეთ? ჩვენი რუსოფილი, უპასუხისმგებლო, არაკვალიფიციური, გაუნათლებელი და ხეპრე სადუკეველნი, კათალისკოს-პატრიარქს არწმუნებდნენ, რომ კრების მონაწილე ეკლესიები თურმე უნიატური არიან და “კათოლიკეების გაძლიერებას ემსახურებიან”! ამასთან, ის სახელმწიფო, რომელსაც ოფიციალურ განცხადებებში, ვითომ და საპატრიარქოს თვალშიც საქართველოს უმთავრესი პარტნიორი და მეგობარია (იგულისხმება აშშ), თურმე ჩვენი სინოდის წევრთა გავლენიანი მღვდელმთავრების აზრით გამანადგურებელი მტერია და ეს პანორთოდოქსული კრებაც “ამერიკული პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც მართლმადიდებლობის განადგურება სურს”.

დიახ, აი ასეთი გულწრფელია ხოლმე ჩვენი საპატრიარქოს ამჟამინდელი ადმინისტრაცია და ჩვენი სინოდის ეპისკოპატის დიდი უმრავლესობა. საკათედრო ტაძარში მწყემსმთავრის მიერ აღვლენილ ლიტურგიაში დაეკლესიების ადგილობრივ პირველიერარქთა სახელებს იხსენიებენ, მათთან ევქარისტიული კავშირი აქვთ და თან ერეტიკოსებად, ამერიკის ემისრებად და რწმენის მოღალატეებად მიიჩნევენ. ამავდროულად, ღია რიტორიკაში აშშ-ს ყველაზე ახლო მეგობარს უწოდებენ, საქართველოს სახელმწიფოს ნატოში ინტეგრაციასა და დასავლურ მოდელზე მოწყობაში ვითომ მხარს უჭერენ, ხოლო სინამდვილეში კი მათ ჩვენს მტრებად მოიაზრებენ! როგორი სტანდარტი და პრინციპია ეს? განსჯა თქვენთვის მომინდვია…

P.S. საქართველოს საპატრიარქო იზოლაციონიზმის, პროვინციალიზმისა და ობსკურანტიზმის ვექტორს ადგას, სადაც, რატომღაც ყოველთვის უნისონშია ხოლმე რუსეთის ეკლესიის პოზიციებთან.

საქართველოს საპატრიარქო რეალურად წინააღმდეგია საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური პლათფორმის და იგი ლატენტურად უპირისპირდება დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საგარეო კურსს.