გოგონებო, თქვენ, თქვენი არსებობით სამყაროს ცვლით!

თამთა მეგრელიშვილი

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერული პოლიტიკისა და თანასწორობის საკითხებში

11 ოქტომბერს გოგოების საერთაშორისო დღეა, დღე,რომელიც გაერთანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2011 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვას, განათლების ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობების გაზრდას ასევე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ტიპის ჩაგვრასა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც გოგონები ყოველდღიურად აწყდებიან.
გავრცელებულია ნიშნობებისა და ქორწინების იძულების შემთხვევები შესაბამისად უმთავრეს გამოწვევად რჩება ადრეული ქორწინება და განათლებაზე უარის თქმა.
სტატისტიკის თანახმად, დაქორწინებული 16-19 წლის თინეიჯერების რიცხვი 2002-2009 წლამდე გასამმაგდა,ყველაზე მეტმა თინეიჯერმა 2009 წელს იქორწინა:1271 ბიჭი და 5596 გოგონა.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
ნაადრევი ქორწინების გამო საქართველოში 2011 დან-2013 წლის იანვრამდე 7367-მა გოგნამ შეწყვიტა განათლების მიღება საბაზო საფეხურის დასრულებამდე(მე-7-9 კლასები).

ადრეული ქორწინების თანმდევია ადრეული ორსულობა რომელიც საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს!

გაერომ ამ საკითხს წლიური ანგარიში მიუძღვნა,სახელწოდებით-«დედობა ბავშვობაში».
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)მონაცემების მიხედვით,18 წელს მიუღწეველი დაახლოებით 14 მილიონი გოგო ქორწინდება ერთი წლის განმავლობაში, 38 000 ერთ დღეს,13 გოგონა კი 30 წამში.

ამასთან, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს გენდერული ნიშნით სქესის სელექცია, ამგვარი დისკრიმინაციული პრაქტიკის გამო უპირატესობა ვაჟს ენიჭება, ამის შედეგად კი ყოველწლიურად უფრო ნაკლები გოგონა იბადება.
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით 0-4 დან 10-14 წლამდე ბავშვებში ბიჭები ჭარბობენ.ბოლო პერიოდში საქართველოში გოგონებთან შედარებით 35 900 ით მეტი ბიჭი დაიბადა.

ყველა მოზარდი გოგონას უფლებაა უსაფრთხოდ და წარმატებით მიაღწიოს სრულწლოვანების ასაკს და ისარგებლოს ყველა იმ შესაძლებლობებით, რომელიც მას ეკუთვნის.
ჩამოთვლილი პრობლემების გააზრებით აუცილებელია სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქციოს ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება,აუცილებელია შეიქმნას სქესისა და ასაკის მიხედვით დაყოფილი მონაცემთა ბაზა რათა მოხდეს მდგრადი განვითარების გეგმის შემუშავება და მასში გოგონების საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინება.
მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში დაინერგოს სწავლება გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით და ეს გახდეს სასწავლო პროცესის არსებითი ნაწილი.

დროა დღეს დავიწყოთ იმ განსაკუთრებული სირთულეების შესწავლა რომელთა გადალახვაც გოგონებს უწევთ!

გოგონებო გახსოვდეთ რომ ყოველი თქვენგანი გამორჩეული და მნიშვნელოვანია!

თქვენ თქვენივე უფლებებით იბადებით და თქვენი არსებობით სამყაროს ცვლით!