ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი

ახალი აღსრულების მექანიზმი ძალაში 1 ნოემბრიდან შედის, დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს დიდი ქალაქებში სულ 50 ვიდეოკამერაა დამონტაჟებული. უწყებაში ირწმუნებიან, რომ 2018 წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით 3000 ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება.

1 ნოემბრიდან ავტომანქანების მფლობელებისთვის ახალი აღსრულების მექანიზმი ამუშავდება

 ვიდეოჯარიმის შემთხვევაში მძღოლი საფასურის გადახდას თავს ვეღარ აარიდებს. თუმცა შეღავათი ექნებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჯარიმას ვადაზე ადრე – 10 დღის განმავლობაში გადაიხდიან. ისინი 20 პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის მიხედვით:
  • 1.
     საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;
  • 2.
     თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
  • 3.
     ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;
  • 4.
     საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;
  • 5.
     საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;
  • 6.
     ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში – ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი, რაც იმას გულისხმობს რომ 2 თვეში მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.
     როგორ ავიცილოთ თავიდან ჯარიმა
 ამ უსიამოვნო პროცედურის თავიდან აცილებას მძღოლები მარტივად იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მოძრაობის 5 ელემენტარულ წესს დაიცავენ. ე.წ. ჭკვიანი კამერები 5 მთავარ დარღვევას დააფიქსირებს.
5 მთავარი დარღვევა:
  • 1.
     შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;
  • 2.
     ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;
  • 3.
     სიჩქარის გადაჭარბება;
  • 4.
     მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;
  • 5.
     მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალქეებს დარეგისტრირებული პირადი ნომრის შეცვლის შემთხვევაში მომსახურების სააგენტოს მოქმედი ნომერი მიაწოდონ, რადგან დროულად მოხდეს მძღოლის გაფრთხილება.

     ასევე, იგივე მექანიზმით იმუშავებს ვიდეორეგისტრატორების (საპატრულო პოლიციის მანქანის საქარე მინაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერა) მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევები
    როგორიცაა:
    • 1.
       უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა
    • 2.
       მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა
    • 3.
       მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა
    • 4.
       სანომრე ნიშნის გარეშე ავტომობილის გადაადგილება
    • 5.
       საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება
    • 6.
       პოლიციელის ან მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა