ლიბერთი ბანკი გაიყიდა – გარიგება შედგა

უკვე ცნობილია, რომ ლიბერთი ბანკის აქციათა 74.64%-იანი წილი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებულმა კომპანიამ European Financial Group B.V.-მ (EFG) შეიძინა.

გარიგება შედგა, რის შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

“ეს გარიგება ბანკის სტრატეგიული განვითარებისა და მომავალი ზრდისთვის პოზიტიური შედეგის მომტანია, რადგან „EFG“-ის მფლობელები არიან წარმატებული ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში დიდი ოდენობის აქტივებს ფლობენ და მართავენ; მათ გააჩნიათ საქართველოს ბიზნეს სექტორის და განსაკუთრებით საბანკო სექტორის სიღრმისეული ცოდნა”, – აცხადებს ბანკის მენეჯმენტი და ელოდება, რომ  ბანკი ზრდას და განვითარებას გააგრძელებს ახალ აქციონერებთან ერთად, საკუთარი კლიენტებისა და საქართველოს საბანკო სექტორის უკეთესად მომსახურებისთვის.

კიდევ ერთი დეტალი – 13 ოქტომბერს ლიბერთი ბანკის აქციებზე მსხვილი გარიგებაც დაფიქსირდა. უკვე ცნობილია, რომ გასხვისდა ბანკის 3,201,321,628 აქცია, რაც მთლიანობაში ბანკის 58.18%-ია. გარიგების ღირებულებამ  83,170,335.90 ლარი შეადგინა – არასაბირჟო გარიგებით.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გარიგების შედეგად, თითო აქციაში  0.02598 ლარი გადაიხადეს, ბანკის  საბაზრო კაპიტალიზაციამ კი  233,846 მლნ ლარი შეადგინა.