რა უფლებები აქვთ საკრებულოს დეპუტატებს

საკრებულოს დეპუტატი შეიძლება იყოს არჩეული როგორც პროპორციული (ანუ პარტიული სიით), ისე მაჟორიტარული სისტემითაც (ინდივიდუალურად). მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეიძლება პარტიამაც წარადგინოს (პარტიული კანდიდატი) და საინიციატივო ჯგუფმაც (უპარტიო, დამოუკიდებელი კანდიდატი). ის უნდა იყოს, სულ ცოტა, 21 წლის.

არჩევნებში გამარჯვებისთვის საკრებულოს დეპუტატებს საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ სჭირდებათ. პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებშიც გამარჯვებულად ის პარტია და კანდიდატი ითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმებს მიიღებს.

იმის გამო, რომ საქართველოს რეგიონებში კერძო და არასამთავრობო სექტორი ნაკლებად განვითარებულია, საკრებულოს დეპუტატები ხშირად საბიუჯეტო დაწესებულების თანამშრომლები არიან ხოლმე – ეგრეთ წოდებული ადგილობრივი ელიტა, მაგალითად, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, ექიმები და სხვ.

საკრებულოში დეპუტატების უმრავლესობა საზოგადოებრივ საწყისებზე, უხელფასოდ მუშაობს. ასეთ დეპუტატებს სხვაგან მუშაობის უფლებაც აქვთ. მათ ბიუჯეტიდან მხოლოდ სამეურნეო ხარჯებს უნაზღაურებენ, მაგრამ ასეთი ხარჯების პრემიების და დანამატების სახით ანაზღაურება კანონით აკრძალულია. ხელფასები მხოლოდ საკრებულოს თანამდებობის პირებს აქვთ. ესენი არიან საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, ფრაქციების და კომისიების თავმჯდომარეები, რომლებსაც საკრებულოს დაკომპლექტების შემდეგ დეპუტატები ირჩევენ.

საკრებულოს დეპუტატების უფლებამოსილებები ყველა მუნიციპალიტეტში ერთნაირია. მათი საქმიანობის მთავარი არსი ისაა, რომ გამორჩეულად ლოკალური საკითხებით არიან დაკავებულები და მერის საქმიანობის მაკონტროლებლების ფუნქციას ასრულებენ. წყვეტენ იმას, თუ რაზე დახარჯონ ბიუჯეტი, განაგებენ მუნიციპალური ქონების, საწარმოების და დაწესებულებების ბედს, განსაზღვრავენ ადგილობრივ გადასახადებს, მოსაკრებლებს და ასე შემდეგ.

დედაქალაქის დეპუტატებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უფლება აქვთ. თბილისის მთავრობის კონტროლის გარდა, ამ მთავრობის წევრებსაც თანამდებობებზე ისინი ამტკიცებენ.